LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

69

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.

პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

ბათუმის ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც პრობლემას უქმნის  საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტს, რომელსაც ვიწრო ქუჩებში უწევს გადაადგილება.

“პრობლემის გადასაჭრელად უკვე აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთი და მიმდინარეობს  მეორე მონაკვეთის მშენებლობა. აღნიშნულ მონაკვეთებს დაემატება ბათუმის შემოვლითი გზა, რაც სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.