LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯღალოსნებს ორი გადამწყვეტი მატჩი დარჩათ: კვირას რუსეთია

19

ესპანეთიდან დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა “რაგბი ევროპის” პირველობის ბოლო ორი მატჩის წინ ოდნავ გადაიხალისეს რაზმი – ტურნირის ფინიშზე ერთპიროვნული ლიდერი, საქართველო 12 მარტს რუსეთს უმასპინძლებს, ხოლო 19 მარტს რუმინეთს ეწვევა.

მილთონ ჰეიგის განკარგულებაში 31 მორაგბეა – 14 უკანახაზელი და 17 მორკინალი. დაგვემატა სამი გამოცდილი ლეგიონერი – მამუკა გორგოძე, მიხო ნარიაშვილი და ზურა ჟვანია. შალვა მამუკაშვილი კლუბში მიბრუნდა, ესპანეთთან თავგამოჩენილი ახალბედა, სოსო მათიაშვილი კი “შვიდკაცამ” იხმო.

ჰეიგმა შეკითხვის პასუხად დაგვიდასტურა, რომ ამ რაზმით ვეთამაშებით როგორც რუსეთს, ასევე რუმინეთს.
გამართლებული ნდობა

მწვრთნელი კმაყოფილია ყველა ახალგაზრდის ზრდა-დაოსტატებით და ტურნირის ბოლო ორ მატჩშიც გეგმავს მათზე დაკვირვებას.

მილთონის აზრით, “ნდობა გაამართლა უკლებლივ ყველა ახალბედამ და ჩინებულადაც გამოიყენა შანსი, რათა მწვრთნელებისთვის მოეწონებინა თავი უნარ-ჩვევებით.

ერთი კია, დასკვნითი ორი თამაშისთვის რომ უპრიანია გამოცდილ ლიდერთა ამატება, მაგიტომ ვიხმეთ მიხო და მამუკა.

ზურა ჰუქერად შეცვლის შალვას, რადგან ეს ახალ კლუბში – ტულონში – მედჯოკერია და მისი გათავისუფლება გვმართებდა.
დაშავებულ შარიქაძეს ყოველდღიურად ვაკვირდებით. მერაბი ცოტათი მოკეთდა, მაგრამ შეძლებს თუ ვერა თამაშს, ეგ კვირის ბოლოსკენ გამოჩნდება” – დასძინა მილთონ ჰეიგმა.
თამაში კვირასაა

რუსეთთან რკენა – ტრადიციული შაბათის ნაცვლად კვირა დღესაა, პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” და 18 საათზე იწყება.

ბილეთები იყიდება როგორც ონლაინ TKT.ge/geovrus და სტადიონის სალაროებში (ყოველდღე 11:00-19:00).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები