LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანები გაძვირდა, რეექსპორტი შემცირდა: რამდენს შეადგენს კლება და ზარალი

85

იმის გასარკვევად, თუ როგორია ქვეყანაში ავტობიზნესის მდგომარეობა, რუსთავის ავტობაზრობა ”ავტოპაპა” ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკა 2010-2017 წლების ავტომობილების ექსპორტ/იმპორტის მონაცემებს მოიცავს.

ბუნებრივია, საყურადღებოა, გასული 2016 წლის შედარება 2015 წელთან.

აღმოჩნდა, რომ 2016 წელს, ექსპორტზე საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების მხოლოდ 15% გავიდა. რუსთავის ავტობაზრობის მონაცემებით, შარშან საქართველოში 95 412 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. აქედან, ექსპორტ/რეექსპორტზე მხოლოდ 16 590 ავტომობილი გაიგზავნა. მაშინ, როცა 2015 წელს ექსპორტზე 20 323 ავტომობილი იყო გასული. კლება თითქმის 4 ათას ავტომობილამდეა. რაც შეეხება თანხობრივ მაჩვენებელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მანქანების ექსპორტ/რეექსპორტის შემცირებით, 2016 წელს ქვეყანამ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი იზარალა.

”ფორტუნა” დაინტერესდა რა ვითარებაა ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების გაყიდვების კუთხით. მოგეხსენებათ, 2017 წლის 1 იანვრიდან აქციზის გადასახადის გაზრდის გამო, გაძვირდა ავტომობლების ფასიც, რამაც, შესაძლოა, ქართველო მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემცირება უკვე განაპირობა. როგორც ”ფორტუნას” ავტობაზრობა ”ავტოპაპას” მარკეტინგის მენეჯერმა სტელა კამანდაროვამ განუცხადა, რუსთავის ავტობაზრობა ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ფლობს.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, საქართველოდან ავტომობილები, ძირითადად, სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის. ამ უკანასკნელში ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანში 65 ერთეული ავტომობილი გავიდა. ეს რაოდენობა თითქმის 3-ჯერ მეტი წინა წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. 2016 წელს, ამავე თვეში, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტზე მხოლოდ 24 ავტომობილი გაიგზავნა.

რაც შეეხება თანხობრივ მაჩვენებლებს, საქსტატის ცნობითვე, 2017 წლის იანვარში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2 მილიონი დოლარია. წინა წელს მიღებული შემოსავალი კი 577 ათასს დოლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემებით, საექსპორტო კალათაში მსუბუქი ავტომობილები მეოთხე ადგილზეა. მათი ექსპორტის მოცულობა 2017 წლის იანვარში ჯამში, 10.8 მლნ აშშ დოლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები