თბილისის – კომპაქტური, მწვანე და კარგად დაკავშირებული ქალაქი. ეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის მთავარი მიზანია. დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს.
„ფორტუნა“ გენ.გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დამფუძნებელსა და დირექტორს, არქიტექტორ მამუკა სალუქვაძეს დაუკავშირდა. ორგანიზაციის დირექტორმა სანტრანსპორტო ინიციატივების შესახებ გვესაუბრა და სამომავლო გეგმებიც გაგვანდო.
შემოვლითი რკინიგზის პროექტი
როგორც მამუკა სალუქვაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, შეთანხმების პროცესი მიდის რკინიგზის მონაკვეთის გადატანის საკითხთან დაკავშირებით, თუმცა შეთანხმება არ მიღწეულა რკინიგზის ალტერნატიულ მდებარეობაზე.
„ახლა მზადდება რკინიგზის ალტერნატიული მარშრუტი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ის თბილისის ზღვაზე გაივლის, თუ სადმე სხვაგან. რკინიგზა რომ უნდა აიღონ, ამაზე პრინციპში შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ეს ყველაფერი დამტკიცებული არ არის“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
80 ჰექტარამდე რკინიგზის ტერიტორიაზე კი, განაშენების რეგულირების გეგმაზე საერათაშორისო კონკურსი გამოცხადდება. ყოველშემთხვევაში ასეთია“სითი ინსტიტუტი საქართველოს“ რეკომენდაცია.
გარდა ამისა, გენ. გეგმის მოთხოვნაა, რომ რეკრეაციასა და გამწვანებას ამ ტერიტორიის ნახევარი მაინც დაეთმოს.
„არ უნდა მოხდეს ცალ–ცალკე ნაკვეთებად ამ ტერიტორიის დანაწევრება და ისევ არასწორი განვითარება, როგორც აქამდე ხდებოდა. ეს ტერიტორია ერთიან მასშტაბში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა სალუქვძემ.
მისი თქმით, ამ ტერიტორიის განაშენენიანების ერთიანი გეგმა უნდა მოიცავდეს მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარებასაც, რისი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორიც სწორედ რკინიგზა იყო.
ველოტრასების ახალი მარშრუტი თბილისში
მამუკა სალუქვაძის განცხადებით, განიხილება საგარეუბნო ზონებში (მაგ. დიდ დიღომში, გლდანში) საველოსიპედო მარშრუტების კონკრეტულ გაჩერებამდე ან მეტრომდე მიყვანა. ბილიკების გაკეთებასთან ერთად, გენ.გეგმაში ველოსადგომების მოწყობაცაა გათვალისწინებული.
სალუქვაძის თქმით, ამის მოთხოვნა თბილისში არის, რადგან არსებობენ ველოსიპედისტები, რომელთა გადაადგილება ქალაქში საფრთხისშემცველია.
„მითია, რომ თბილისში ველობილიკების განვითარება არ შეიძლება. თუ ევროპული ქალაქები მოგვწონს, ამ სტილის ტრანსპორტიც უნდა გვქონდეს ქალაქში. ველობილიკები რა თქმა უნდა, ზემო ვაკეში ვერ გაკეთდება, თუმცა არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ვაკის პარკიდან რუსთაველამდე მოეწყოს ასეთი ინფრასტრუქტურა. ასევე, არსებობს სანაპიროები და ძალიან ბევრი ისეთი ტერიტორია, სადაც თავისუფლად შეიძლება ბილიკების მოწყობა“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხს სისტემური მიდგომა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ველობილიკები სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს, არასწორი მარშრუტების გამო. როგორც სალუქვაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ერთობლივი მუშაობის და სისტემური გააზრების შედეგად, თბილისი ველოტრანსპორტის განვითარების სრულყოფილ გეგმას მიიღებს.
“ეს მხოლოდ გენ.გეგმის თემა არ არის. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ტრანსპორტის გენერალურ გეგმაშიც”, – განაცხადა სალუქვაძემ.
ამის პარალელურად, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში დედაქალაქში, ველობილიკების მოწყობის პროექტს ამუშავებენ.
უახლოეს მომავალში, ქალაქში 25-მდე უფასო ველოსადგომიც დამონტაჟდება, ძირითადად ისეთ ლოკაციებზე, რომლებიც გარე კამერების ხედვის არეალშია.
პირველ რიგში კი მუშავდება მარშრუტი – დედაენის ბაღიდან ბაგრატიონის ხიდამდე და წრიულად (მტკვრის ორივე მხარეს) კვლავ დედაენის ბაღამდე.
ამ მარშრუტის პრაქტიკაში განხორციელება უკვე გაზაფხულზე იგეგმება. ველოტრასებისთვის ტროტუარის გარკვეული ნაწილი გამოიყოფა.
პარკინგი
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ამ ეტაპზე უცხოელ კოლეგებთან ერთად, დედაქალაქში პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
როგორც “ფორტუნას” მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, ახალი სადგომების აშენების გარდა, ამ პრობლემის გადაჭრისთვის სხვა ღონისძიებების გატარებაც იგეგმება.
მათი რეკომენდაციით, შესაძლოა, ქალაქის ცენტრში საათობრივი პარკინგის გადასახადი დაწესდეს. ავტომობილის გაჩერების დროს და შესაბამისად გადასახადს, ავტომატი გააკონტროლებს.
“დღეს ასეთი მდგომარეობაა: ქალაქის ცენტრში შეუზღუდავი დროით შესაძლოა დააყენონ ავტომობილი – პრაქტიკულად უფასოდ. ზოგი ცენტრში აყენებს ავტომობილს და მთელი დღით ტოვებს – ეს დაუშვებელია. ამ ადგილების გამოსათავისუფლებლად, გვინდა საპილოტე პროექტი განვახორციელოთ – საათობრივად ავტომატის მეშვეობით დაპარკინგება. ქალაქის ცენტში პარკინგით უნდა ისარგებლონ იმათ, ვისაც აუცილებელი და გადაუდებელი საქმე აქვთ და ამისთვის შესაბამისი თანხაც უნდა გადაიხადონ”, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
გარდა ამისა, მამუკა სალუქვაძის თქმით, ზოგადად სისტემის დახვეწაა აუცილებელი და ამ თემას მხოლოდ გენ.გეგმა ვერ გადაჭრის.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაცია და პარკინგის პრობლემის მოგვარების ერთ–ერთი გზაა. გეგმაზე მუშაობა 15 აპრილს დასრულდება. ის საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდზე 2030 წელზე იქნება გაწერილი.
პარკინგის პრობლემის მოგვარებისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჯერ კიდევ ნოემბერში დააანონსა, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობოდა, სადგომების მშენებლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მერიას ამ დრომდე არ მიუღია.
თბილისს ტრამვაი დაუბრუნდება?
გენერალურ გეგაზე მომუშავე ჯგუფი, ტრამვაის დაბრუნების საკითხსაც განიხილავს. მამუკა სალუქვაძის განცხადებით, ისინი დედაქალაქის მთავრობას ტრამვაის ძველი მარშრუტებიდან რამდენიმე ვარიანტის აღდგენას შესთავაზებენ.
მისი თქმით, ტრამვაი თბილისისთვის ფუფუნებაა, თუმცა ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებისთვის ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას, თუნდაც ეტაპობრივად.
„მესმის, რომ ტრამვაი ფუფუნებაა და ამ გეგმის განხორციელება მარტივი არ არის, მაგრამ ეს გეგმაც არ არის უახლოეს მომავალზე გათვლილი. ეს არის 2030 წლამდე გაწერილი გენ.გეგმა, აქედან გამომდინარე, გვინდა რომ ტრამვაის მარშრუტიც იყოს გათვალისწინებული. ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია, კონკრეტულად რომელ მარშრუტზე შევჯერდებით“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა მარშრუტი აღდგეს, როგორც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე პერიფერიებში.
„ზუსტად ვერ ვამბობ, რადგან მერიასთან შევთანხმდით, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება, ამაზე საჯაროდ არ ვისაუბროთ“, – აღნიშნა სალუქვაძემ.
თბილისში ტრამვაი 1883–დან 2006 წლამდე ფუნქციონირებდა. თავდაპირველად ტრამვაი ცხენის წევაზე მუშაობდა, 1904 წლიდან კი ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. 2006 წლის 4 დეკემბერს თბილისის ტრამვაის სისტემა, სატროლეიბუსო სისტემასთან ერთად, გაუქმდა.
თბილისის ზოგიერთ ადგილში დღემდეა შემორჩენილი ძველი ტრამვაის რკინიგზა.
გეგმა 2030 წლამდეა გაწერილი
ეს გეგმა მხოლოდ ინსტრუმენტია… სხვა საკითხია, როგორ გამოვიყენებთ და როგორ განვახორციელებთ, ამას მომავალი გვიჩვენებს – თან შორეული. გეგმა 2030 წლამდეა გაწერილი.
თბილისის გენ. გეგმაზე მუშაობა 15 აპრილს დასრულდება. შემდეგ ის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცებამდე სავარაუდოდ დედაქალაქს ხმაურიანი და საინტერესო განხილვები ელის.
თბილისის განვითარების გეგმა, თანაც არაერთი, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა – ეს გეგმები არა მარტო აირეკლავდნენ ქალაქის გეგმარებით სტრუქტურას, არამედ თბილისის შემდგომი განვითარების გზებსაც ასახავდნენ. პირველად ასეთი გეგმა ჯერ კიდევ 1802 წელს შემუშავდა.
ფაქტია, რომ ქალაქი უნდა ვითარდებოდეს და ადგილობრივებისთვის გარემო კომფორტს უნდა ქმნიდეს – ცხოვრებისა და გადაადგილების კომფორტს, მაგრამ განვითარება თბილისში პირდაპირკავშირშია მის გადაუჭრელ პრობლემებთან, რადგან ქალაქში გადაადგილება სულ უფრო და უფრო რთულდება. დედაქალაქი მსუბუქ ავტომობილებს ვეღარ იტევს, ტრანსპორტი მგზავრებს, ჰაერი კი გამონაბოლქვს…
თამთა უთურგაშვილი