LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ელექტრომობილების გასამართი უფასო სადგურების გახსნა იგეგმება

32

კუს ტბის ასახვევთან და ევროპის მოედანზე (მეტეხთან) უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ელექტრომობილების გასამართი სადგურები გაიხსნას.

როგორც სატრანსპორტო სამსახურმა ”ფორტუნას” აცნობა დედაქალაქის მთავრობამ შპს „ი-სფეის“-ს ცენტრების მოწყობაზე მწვანე შუქი აუნთო და შესაბამისი ტერიტორიაც გამოუყო.

ახალ გასამართ სადგურებში ელექტრომობილებს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან.

”ეს თბილისში პირველი ელექტრომობილების მომსახურების სადგური იქნება. მთავრობამ კომპანიის ინიციატივა მოიწონა და მას ტერიტორიები გამოუყო. როგორც კომპანია ამბობს, ელექტრომობილებს უფასოდ მოემსახურებიან ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ეს დრო შეიძლება კიდევ გაიზარდოს”, – განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურში.

საკითხს მალე საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კომპანია მზადაა სადგურები რამდენიმე დღეში დაამონტაჟონ.

დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 50 ელექტრომობილია. თითო მანქანის ბოლომდე დამუხტვას დაახლოებით 2,5-3 საათი სჭირდება.

უახლოეს პერიოდში, კომპანიას თბილისის სხვადასხვა უბნებში კიდევ 30-50 ცენტრის ამოქმედება აქვს განზრახული.

მოგვიანებით კი, ”ი – სფეის” საქართველოში ელექტრომობილების რეალიზაციასაც გეგმავს.

სახელმწიფომ ელექტრომობილების იმპორტის წასახალისებლად ისინი საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლა.

სატრანსპორტო კომპანიაში ასევე, განიხილავენ საკითხს, რომ რომელიმე საფეხმავლო ქუჩაზე ელექტროავტობუსების ხაზი გაკეთდეს, რომელიც ერთი მხრივ, მოსახლეობაში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას გაზრდის, მეორე მხრივ კი მგზავრების კომფორტზე იზრუნებს.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები