LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ახალი ავტობუსები 5-6 ოქტომბრიდან ივლის

27

თბილისში ახალი ავტობუსები 5-6 ოქტომბრიდან ივლიან, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის კი მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსებისთვის, სპეციალური ზოლი მოეწყობა.

ავტობუსებისთვის განკუთვნილი გზის ნაწილი ყვითელი ხაზებით მოინიშნება და დაწესდება ჯარიმა მისი სხვა ავტომობილის მიერ უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში.

საჯარიმო თანხა, სავარაუდოდ, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაწესებული თანხის ოდენობის იქნება, ამას, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა მუმლაძის თქმით, საპატრულო პოლიცია განსაზღვრავს.

ავტობუსისთვის, ყვითელი ზოლით გამოყოფილი, სპეციალური სავალი ნაწილი, თავდაპირველად ორ კონკრეტულ მიმართულებაზე მოინიშნება –  კუს ტბის ჩამოსახვევიდან ვაკის პარკამდე და გორგასლის ქუჩიდან აღმაშენებლის გამზირამდე.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას, რომ აღნიშნული ყვითელი ზოლის გადაკვეთა არ შეიძლება და დასჯება. დაკვირვების შემდეგ კი, თუ პროექტი თბილისის რეალობაში გაამართლებს,  მსგავსი სპეციალური სავალი ნაზილი ავტობუსებისთვის, სხვა ქუჩებზეც მოინიშნება.

რაც შეეხება თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას – 10 ახალი ავტობუსი დედაქალაქში 28 სექტემბერს ჩამოვა, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური პრეზენტაციას  თვის ბოლოს გამართავს და ახალი ავტობუსები ხაზებზე 5-6 ოქტომბრიდან გავლენ.

საწყის ეტაპზე გათვლილი 143 ახალი ავტობუსის ჩამოყვანა, თბილისში, აპრილის ბოლოს დასრულდება.

ახალი, შედარებით მცირეგაბარიტიანი ავტობუსების ჩამოყვანა იგეგმება ასევე ისეთ მიმართულებებზე დასანიშნად, როგორიცაა წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა. შესაბამისი ტენდერის გამოცხადებას მერიის საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში გეგმავს.

fortuna.ge