ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. უკვე რამდენიმე თვეა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საბაგირო გზის რეაბილიტაცია სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.
მშენებლობას კომპანია „ბაგირმშენი“ ახორციელებს. საბაგიროს ორივე (ქვედა და ზედა) შენობაში ინტენსიური სარემონტო სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე შეიცვალა გამწევი ბაგირი. დამონტაჟდა საბაგირო გზის მართვის თანამედროვე პულტი.
კუს ტბის საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი შეძლებს მგზავრობას, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის ადაპტირებული იქნება. ველოსიპედის მოყვარულთათვის კი სპეციალური ველო-საკიდებია დამონტაჟებული. გონდოლები კაპიტალურად გარემონტდა, თუმცა ძველი იერსახე შეუნარჩუნდა.
კუს ტბის საბაგირო გზა გახსნამდე სატესტო რეჟიმში ამუშავდება და კონტროლს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სამსახური გაუწევს. სექტემბრის პირველ ნახევარში კი საბაგირო გზა ოფიციალურად გაიხსნება და დღის განმავლობაში საშუალოდ 2000-მდე მგზავრს მოემსახურება. კუს ტბის საბაგირო ზაფხულის თვეებში დილის 08:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე იმუშავებს, ზამთარში კი დილის 08:00-0 საათიდან ღამის 10:00 საათამდე.
კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარი დაიხარჯება.