როგორც ჩანს, საცობების პრობლემა მხოლოდ ჩვენს დედაქალაქს არ აწუხებს. ბარსელონას ქალაქის მერმა კრიტიკულად შეაფასა აღნიშნული ფაქტი და გადამჭრელი ზომებისთვის მუშაობა დაიწყო. კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ საცობი არაა ესპანეთის ქალაქის მთავარი პრობლემა, არამედ ჰაერის დაბინძურებაც ერთ-ერთ უმთავრეს საშიშროებას წარმოადგენს, რომელიც 3500 ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი გახდა.
ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი – ტრაფიკი, ასევე განაპირობებს ხმაურს ქალაქში. შესაბამისად 61% ბარსელონის მოსახლეობისა ცხოვრობს ჯანმრთელობისთვის საშიშ ზონაში. გზის საფარის გაფართოებამ კი ქალაქის გამწვანება შეამცირა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ქალაქებში ერთ ადამიანზე 9 კვ. მეტრი გამწვანება უნდა იყოს. ბარსელონაში კი ეს მაჩვენებელი 6.6 კვ. მეტრია, მაშინ, როცა ლონდონში 27 კვ. მეტრია ხოლო ამსტერდამში 87.5 კვ. მეტრი გამწვანება ადამიანზე.
ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ქალაქის მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომელმაც პირველად 30 წლის წინ გაიჟღერა. დასახლება ეისამპლეში შეიქმნება საცხოვრებელი ’’სუპერბლოკები’’ ზომებით 400-400 მეტრზე. ყოველი ასეთი ’’სუპერბლოკი’’ გააერთიანებს 9 კვარტალს. ბლოკების შიგნით მხოლოდ ადგილობრივების ავტომობილებისა და სპეც-ტრანსპორტის შეღწევა იქნება შესაძლებელი, ასევე სატვირთო მანქანები ადგილობრივი მაღაზიების მოსამარაგბელად. ბლოკებში ავტომობილების სიჩქარე განისაზღვრება 10 კმ/ს სიჩქარით – 50 კმ/ს სიჩქარემდე. ასეთი ღონისძიებებით ქალაქის ადმინისტრაცია გეგმავს შემდეგი ორი წლის მანძილზე შეამციროს მანქანების რაოდენობა ქალაქში 21%-მდე და გაზარდოს ფეხით მოსიარულეთა რიცხვი. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ველოსიპედებითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პოპულარიზაციას. ამავე სტრატეგიის მიხედვით იგეგმება ველოტრასების გაკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური სისტემის დაგეგმარება, რომლის ფარგლებშიც ავტობუსები სტანდარტულზე 9-10 წუთით შეამცირებს ლოდინის რეჟიმს. იმ შემთხვევაში, თუ გეგმა გაამართლებს, 13.8 მლნ. კვ. მეტრიდან 7 მლნ. კვ. მეტრი ავტომობილებისგან განთავისუფლდება.
მსგავსი პრობლემაა პარიზშიც. საფრანგეთის დედაქალაქში აქტიურად ამუშავებენ პროგრამას – ’’პარიზი სუნთქავს’’, რომლის თანახმადაც ცენტრალური ქუჩები იხსნება მხოლოდ 1 დღით ყოველთვიურად ქვეითად მოსიარულეთათვის. პარიზის მთავრობა ასევე გეგმავს ისეთი ქუჩებიც კი, რომლებიც მოუხერხებელია ფეხით მოსიარულეთათვის, გახდეს მაქსიმალურად კომფორტული.