LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა

114
მონეტარული ოქრო

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცახდებენ, ბოლო წლებში მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებში ოქროს მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი – ოქრო განიხილება, როგორც უსაფრთხო და სასურველი აქტივი ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს და მეორე –  ოქრო  პორტფელის დივერსიფიცირების  კარგ საშუალებად მიიჩნევა. მიმდინარე ეტაპზე, მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული, ხოლო ცენტრალური ბანკები მთლიანი ოქროს 20%-ს ფლობენ. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შიდა სავალუტო ბაზარზე რეკორდული მოცულობის – 1.5 მლრდ აშშ დოლარი შეიძინა, რამაც რეზერვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა. ყოველივე ამან კი პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს აქტივების დამატების შესაძლებლობა მისცა.

„ჩვენი მიდგომაა, ყოველთვის ვეცადოთ გავზარდოთ საერთაშორისო რეზერვები, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში. ახლა არამხოლოდ ვზრდით, არამედ დივერსიფიცირებასაც ვახდენთ და პირველად ჩვენს ქვეყანას, ცენტრალურ ბანკს, საერთაშორისო რეზერვებში ექნება ჩართული ოქრო, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და ყოველთვის ღირებული აქტივი”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2024 წლის პირველი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის 7 ტონა უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო – საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების, დაახლოებით, 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში ეროვნული ბანკის საცავში განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები