მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1764 შემთხვევა დაფიქსირდა:
- ფსიქოლოგიური – 6029;
- ეკონომიკური – 76;
- სექსუალური – 26;
- იძულება – 64;
- უგულებელყოფა – 44.
რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს – ოჯახში მამაკაცებისა და ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა.
აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მსხვერპლი 2701 ქალია, კაცი კი 274.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წელს ქვემოთ 83 გოგო და 82 ბიჭია.
14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი 149 გოგო და 52 ბიჭი.
სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე 4 785 მამაკაცია, 867 კი ქალი.
აღსანიშნავია, რომ მოძალადე მამაკაცებისა და ქალების ყველაზე დიდი ნაწილიც 25-44 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მოძალადე მამაკაცი 2893-ია, ქალი კი 405.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 6 510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.