LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილი – რა შეცვალა სისხლიანმა ღამემ მსოფლიო ისტორიაში?

967
9-5

1988 წლის ნოემბერი – აქციები თბილისში თავისუფლების მოპოვებისთვის;

1989 წლის 18 მარტი – აქცია გუდაუთას რაიონში – აფხაზები საქართველოს შემადგენლობიდან გასვლას ითხოვენ, რაც მოგვიანებით იცვლება საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოთხოვნით;

1989 წლის 4 აპრილი – მომიტინგეები რუსთაველზე იკრიბებიან. მათი ნაწილი შიმშილობას იწყებს;

1989 წლის 8 აპრილი – რესპუბლიკურ სხდომაზე მომიტინგეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას მხარს უჭერენ. მოსკოვიდან თვითმფრინავით 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის ხელმძღვანელობით თბილისისკენ მოემართება. უშუალოდ მიტინგის დაშლას კი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობს.

 

2919 წელი – 30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან და მისი პოლიტიკური შედეგები. იყო თუ არა ეს დღე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ისტორიაში გეოპოლიტიკური ცვლილებების თარიღი, სად ვიქნებოდით ახლა, რომ არა 9 აპრილი და რატომ არ სურდა აშშ-ს მაშინდელ ადმინისტრაციას საბჭოთა კავშირის დაშლა?

 

რადიო „ფორტუნა“  პოლიტიკური შეფასებებისთვის კონსტანტინე გამსახურდიას და 9 აპრილის მონაწილე ირაკლი წერეთელს ესაუბრა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის აზრით, რომ არა 9 აპრილი, ადვილადაა შესაძლებელი, ქვეყანა დღესაც ვლადიმერ პუტინის გავლენის ზონაში ყოფილიყო, რადგან მისი თქმით, რუსეთი მზად არ იყო, საბჭოთა კავშირში დომინანტის როლს დამშვიდობებოდა. კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ მაშინდელი აშშ და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა საბჭოთა კავშირის დაშლის მომხრე არ იყო. მათ სურდათ ცოტა სახეშეცვლილი, შედარებით ლიბერალური ქვეყნების ფედერაცია.

9 აპრილს ერთგვარი დამაჩქარებლის, კატალიზატორის ფუნქცია აქვს. მან მოიტანა ორ წელიწადში საქართველოს დამოუკიდებლობა, რასაც წინ უძღოდა კომუნისტური ხელისუფლების წნეხის მოხსნა. ეს იყო პერიოდი, როდესაც არავინ იცოდა, საით წავიდოდა პროცესი, რომელი ფრთა დაძლევდა. ვერ ვიტყვით, რომ იმპერია ინგრეოდა, საბჭოთა კავშირის დაშლაზე არავინ ფიქრობდა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს უნდა გარდაიქმნას შედარებით ახალ ლიბერალურ ქვეყნად და რესპუბლიკებმა უფრო მეტი თავისუფლება უნდა მიიღონ“.

კონტანსტინე გამსახურია „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ თეორია – საბჭოთა კავშირი ისედაც დაიშლებოდა, სწორი არაა. მისი თქმით, ის არ დაინგრეოდა, არამედ გარდაიქმნებოდა.

„9 აპრილმა ფაქტობრივად არია ყველაფერი. სხვა პროცესი წავიდა, რასაც წინ ვეღარ აღუდგნენ. ამიტომ იყვნენ გაავებულები უფროსი ბუში და ბეიკერი (ჯეიმს ბეიკერი – მამა-ბუშის მეგობარი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი), მათ ზვიად გამსახურდიაზე თქვეს: “მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ“. დინება გულისხმობდა 15-ვე სახელმწიფოს შენარჩუნებას ლიბერალურ ფედერაციაში“.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე, რატომ არ აწყობდა აშშ-ს საბჭოთა კავშირის დაშლა, გამსახურდია პასუხობს, რომ მაშინდელი სიტუაცია ამერიკისთვის ძალიან პრაქტიკული იყო.
„იყო შიში, რომ სახელმწიფოები ერთმანეთს დაერევიან, კონფლიქტი იქნება, ევროპაში წამოვა ლტოლვილების ტალღა. უფრო ადვილია აკონტროლო და ურთიერთობა გქონდეს ერთ ცენტრთან, ვიდრე 15 პოლიტიკურ ცენტრთან. მათთვის ეს უდიდესი თავსატეხი იყო“.

 

 

ირაკლი წერეთელი – 9 აპრილის მონაწილე და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ 9 აპრილის მთავარი პოლიტიკური შედეგი ქვეყნის დამოუკიდებლობაა. მისი თქმით, 9 აპრილამდე მსოფლიო გეოპოლიტიკის დღის წესრიგში მხოლოდ საბჭოთა კავშირში მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების, ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის, ბირთვული განიარაღების საკითხები იდგა. საერთოდ არ იყო ლაპარაკი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ბერლინის კედლის დანგრევაზე. როგორც წერეთელი ამბობს, ეს ყველაფერი მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მოხდა.

9 აპრილმა ძალიან დიდი ბიძგი მისცა საბჭოთა რუსეთის იმპერიის დაშლას და თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებას. ვერავინ იტყვის, რა მოხდებოდა 9 აპრილის გარეშე. ან დაინგრეოდა საბჭოთა იმპერია, ან არა. ეს იმას ჰგავს, დიდგორის ომი რომ არ ყოფილიყო, საქართველო ძლიერი გახდებოდა? ან ვაჟა-ფშაველას რომ არ დაეწერა, ისედაც გენიოსი იყოო. აშშ-იც ერთიანი პოზიცია არ ყოფილა. ფაქტია ის, რომ მსოფლიო პოლიტიკის დღის წერიგში საბჭოთა კავშირის დაშლა არ იდგა. ვერ წარმოედგინათ“.

 

ირაკლი წერეთელი 9 აპრილის ტრაგედიას იხსენებს და ამბობს, რომ მათ არ დაუშვიათ, თუ რუსეთი სისხლიან დარბევაზე წავიდოდა.  წერეთელი ამბობს, რომ რუსეთს ბევრნაირი საშუალება ჰქონდა, აქცია მსხვერპლის გარეშე დაერბია.
„რუსეთს ჰქონდა გეგმა, რომ საქართველო ეთნოკონფლიქტებში ჩაეთრია, მაგრამ მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ჩვენ არაფერი პრეტენზია არ გვაქვს აფხაზებთან, მთავარი მტერი რუსეთის იმპერია იყო“.

რადიო „ფორტუნას“ კითხვაზე, რაში აწყობდა რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლა და რატომ ვერ გათვალა, რომ სისხლიანი დარბევა საბჭოთა კავშირის დაშლამდე მივიდოდა, ირაკლი წერეთელმა უპასუხა: „რუსეთს ეგონა, მონებად ჩამოვყალიბდით და არ იფიქრა, თუ ასე იფეთქებდა მუხტი და ასეთი ძლიერი იქნებოდა. საქართველო დასაჯეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის“.

 

9 აპრილის ტრაგედიას 21 დაღუპული და 3500-მდე გაზით მოწამლული დემონსტრანტი ჰყავს.