LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე გამოსახული ბიჭი გარდაიცვალა – „მაინც ჩავთვალე საჭიროდ რომ სცოდნოდათ ადამიანებს, ერთი საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის შესახებ…”

3276
BeFunky-collage - 2023-09-07T223854.753

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე გამოსახული ბიჭი გარდაიცვალა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხსენებულ ფოტოზე გამოსახული დროშით ხელში გოგო, მარი ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ის 33 წლის შემდეგ გურამთან დაკავშირებას იხსენებს და საზოგადოებას მის შესახებ მოუთხრობს.

„დიდხანს გეძებდი….

შარშან საქართველოს ბანკის მიერ გაკეთებულ 9 აპრილის ვიდეო სიუჟეტზე მისმა მეგობარმა კომენტარი დატოვა მანქანის მძღოლი ჩემი მეგობარია, სახელი და გვარით….

33 წლის შემდეგ ვიპოვე და მივწერე…
მაშინვე მიპასუხა:
,,ვაა რა ხალხი,,… და ტელეფონის ნომერი, აუცილებლად შევხმიანდეთო…
ვნერვიულობდი მაგრამ არ ვიმჩნევდი
ისიც არ იმჩნევდა….

– მგონი მთელი ცხოვრებაა გეძებთ…
– მოდი პირდაპირ შენობით დავიწყოთ,ბოლოს და ბოლოს 33 წელია ,,ერთად,, ვართ მიპასუხა ხუმრობით…
ყველაფერს ერთიანად ვუყვებოდით ერთმანეთს, არეულ-დარეულად, თითქოს ყველაფრის უცებ მოსწრება გვინდოდა…
– მე სულ ვყვები შენზე რომ არც კი გიცნობდი,რომ შემთხვევით შევხვდით პლეხანოვზე და საერთოდ ამ მანქანაში უცნობი ,,პასაჟირები,, ვართ მე და ჩემი ბიძაშვილი.

როგორ გაგვაჩერეთ სახლიდან გამოპარული და საშინლად გაბრაზებული შავ დროშიანი გოგონები, როგორ გინდოდათ გადაგვეფიქრებინა მთავრობის სასახლესთან მისვლა და ბოლოს ჩვენი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენთან ერთად წამოხვედით. შენ მომიყევი გთხოვ რა გახსოვს….

– ეჰ, რა დრო იყო არა? რა მუხტი… რა გრძნობა… ან რა ადამიანები …
რომ დაგინახეთ საოცარი გოგონები იყავით,ისეთი ენერგია მოდიოდა, ისე მოდიოდით ქვეყანა მოგქონდათ. ჩვენ ახალი დაბრუნებული ვიყავით რუსთაველიდან… ჩემი საცოლე მოშიმშილეებს შორის იყო… ძლივს გამოვაღწიეთ… ცოტა უნდა მოვწესრიგებულიყავით და ისევ უკან ვაპირებდით მეგობრები წასვლას….
მერე თქვენც გამოჩნდით ლამის ,,თალიბანები,, და რაღა გზა გვქონდა….
მერე ყველაფერი ისე იყო როგორც შენ აღწერ… მერე ეს ფოტოც და კიდევ ბევრი რამე… ხომ მიპოვე ნელნელა მოგიყვები თუ არ მოგაბეზრებ თავს…
—-
მერე კიდევ ბევრჯერ შევხმიანდით, უფრო სწორად რამდენჯერაც შევხმიანდით ყოველთვის დიდხანს ვსაუბრობდით….
33 წელი ხომ ცოტა არაა…
—–
– არ გეგონოს რომ არ ვიცოდი ვინ იყავი…სულ თვალს ვადევნებდი შენ ისტორიებს… მაინტერესებდა რაში გამოიყენებდი შენ ,,ცნობადობას,, მაშინ ხომ ყველაზე მაგარი გოგო იყავი…
ყველასთვის საყვარელი გოგო…
ლეგენდა გოგო,ლეგენდარული ფოტოდან…მაგრამ ვხედავ რომ ისევ ისეთი ხარ ,,პლეხანოვზე მომავალი გოგო,, მთავარი მიზნით ,,თავისუფლება,,
სხვანაირი რომ ყოფილიყავი ალბათ არ გიპასუხებდი…

– ეჰ შემთხვევით მოვხვდით კადრში, ფოტო კი ისტორიას შემორჩა,ნებისმიერი გოგო -ბიჭი შეიძლებოდა ყოფილიყო…ჩემთვის აბსოლუტურად სიმბოლური ფოტოა…
მთავარი ისაა რისთვისაც ვიბრძოდით…
-მთავარია რა მივიღეთ ჩემო მარი …
და კიდევ უდიდესი პასუხისმგებლობა…
მეც ისე როგორც ბევრი ქართველი სად არ მატარა ბედმა… ბევრჯერ დავბრუნდი…და ისევ წავედი….
ერთმანეთის გატანა დააკლდა ჩვენ ქვეყანას…
– გული ხომ არ გაიტეხე?
– არა…. დრო გადის და ჩვენმა თაობამ ცხოვრება ვერ მოვასწარით…
იმდენი რამ მოხდა და კიდევ რასაც დღეს ვუყურებ .. მაინც ვერ ვისწავლეთ ..
შეეცადე დარჩე შენ ქვეყანაში…აღარ წახვიდე …
– მოვასწრებთ… ალბათ მოვასწრებთ….
არ წავალ … ვერ წავალ…იქნება რაღაც საშველი … შენც ჩამოდი…
——–
– ჯილდოს გილოცავ მეგობარო… მეამაყები და მაგრად იყავი…
– გაცივდი? რა ხმა გაქვს…აქ უკვე თბილა… ჩამო თბილისში… მადლობა, ჯილდო სიმბოლურია,ისევე როგორც ფოტო… ქართველ მედროშე ქალბატონებს… ჩემთვის ყველასია, იმ ,,პლეხანოვისიც,,…
ისე როდის შემიძლია ,,გავამხილო,, შენი ვინაობა, უკვე ვთქვი რომ გიპოვე,მაგრამ ნებართვის გარეშე არ შემიძლია…
– ხო…დაიწყებენ მერე ვინ არის, სად არის, რატომ არის და ეხლა მითუმეტეს მაგის თავი არ მაქვს…
ცოტა მგონი კიბოაო ექიმებმა…
გამოვჯანმრთელდები,ჩამოვალ ,შამპანოური ჩამოვისხათ ,ფოტო გადავიღოთ,ჟურნალისტებს დავუძახოთ და ვთქვათ…,,გამარჯობათ აი ჩვენც მოვედით,,…
– აჰა…ცოტა კიბო არ არსებობს… ანალიზები გამომიგზავნე აქაც ვანახებ ყველას,ვისთანაც ხმა მიმიწვდება…
– აპრილის ,,ზაკალკა,, არ იკარგება ხომ?
მადლობა,აუცილებლად გადმოგიგზანი…
——-
– აბა როგორ ხარ?…გამომწერეს თუ გამოვიქეცი ნუ რაც იყო… რეები მიქნეს, მანდ გამჩერებელი აღარ ვარ…
ეხლა ვზივარ ფეხებ დასიებული და ხმა წართმეული…გელაპარაკები და აივანზე ერთი მზის სხივი შემოდის …ვხვდები რომ ერთი დღე ცხოვრებაც უდიდესი ბედნიერებაა…
თუ რამეა არ დაგავიწყდეს ეს სიტყვები …
ალბათ ისევ ძალით წამიყვანენ საავადმყოფოში…
უი, ქოთანში ყვავილს კვირტიც გაუკეთებია…
იქედან ვეღარ დავრეკავ …როგორც კი რამე იქნება გაგაგებინებ…
– ხომ იცი რომ ყველაფერი კარგად იქნება…თანაც ჩვენთან…შენ ხომ ,,ყველაზე მაგარი,, გოგოს ,,შუმახერი,, ხარ…
იცოდე გელოდებით თბილისში…
——
ეს ფოტო-პლაკატი ჩაქვში, ჩემ მშობლიურ სახლში ვიპოვე,როცა მამაჩემის შენახულ ფოტოებს ვათვალიერებდი…34 წლისაა უკვე…
მინდოდა გადმომეგზავნა შენთვის…
ველოდებოდი შენ ზარს…
28 აგვისტოს დაბადების დღე უნდა მომელოცა…
შენ ფეისბუქ გვერდმა კი მამცნო რომ უკვე აღარ ყოფილხარ…
——-
ისევ შენ მეგობარს მივწერე…
სწორედ იმას,ვინც შენი თავი 33 წლის მერე გამაცნო და ეხლა შენი არ ყოფნა დამიდასტურა….
მე კი მაინც რა მალე დაგკარგე…
აბა ,,აპრილის ზაკალკაო,,?…
ზღაპარია ყველაფერი …
მართალი იყავი ერთი დღის სიცოცხლეც ბედნიერებაა…
დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა შენზე…
მაინც ჩავთვალე საჭიროდ რომ სცოდნოდათ ადამიანებს, ერთი საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის შესახებ…
მშვიდობით ჩემო მეგობარო გურამ”, – წერს მარი ნანა მახარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები