აშვატ კაუშიკმა, 8 წლის სინგაპურელმა მოჭადრაკემ, ტურნირზე გროსმაისტერი დაამარცხა და ახალი მსოფლიო რეკორდის ავტორიც გახდა. ამის შესახებ Chess.com წერს.
ინდური წარმომავლობის ბიჭუნამ შვეიცარიაში გამართულ Burgdorfer Stadthaus Open-ის ტურნირში მიიღო მონაწილეობა და გახდა ყველაზე პატარა მოთამაშე, რომელმაც კლასიკურ ჭადრაკში გაიმარჯვა. აშვატმა 37 წლის პოლონელი გროსმაისტერი იაცეკ სტოპა დაამარცხა.
კაუშიკი ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოექცა, როცა 2022 წელს აღმოსავლეთ აზიის ახალგაზრდა ჩემპიონატზე 8 წლამდელთა კატეგორიაში 3 ოქრო მოიპოვა. ბიჭუნას მამის თქმით, მისი შვილი ფენომენალური ფოტოგრაფიული მეხსიერებითაა დაჯილდოებული. ჭადრაკში ვარჯიშს ის დღეში 7 საათს უთმობს და ათასობით თავსატეხსაც ხსნის.