წინანდალი კლასიკური მუსიკის ეპიცენტრი გახდა. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 8-22 სექტემბერს იმართება.
წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორია მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დირიჟორი. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი მიენიჭება.
მუსიკალური ღონისძიების მონაწილეები არიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ.
8 სექტემბერს, პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნა, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედამ უდირიჟორა. სოლისტები: ქეთევან ქემოკლიძე – მეცო-სოპრანო, ინგ ფანგი – სოპრანო. მონაწილეობდნენ: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდი, პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტი.
საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
15 დღის განმავლობაში 40-მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი 1200 კაციან ამფითეატრში და კამერული მუსიკის 600 კაციან დარბაზში ჩატარდება, რომელიც წინანდლის ისტორიულ მამულში სპეციალურად ფესტივალისთვის აშენდა.