LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია – „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი

400
ლევან ახვლედიანი

ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართულ სამმხრივ შეხვედრას ლევან ახვლედიანი პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ მოთხოვნაზე კი მოლაპარაკებები გაგრძელდება და ამ პუნქტთან მიმართებაში გარკვეულ ალტერნატივებზეა საუბარი.

„შედეგიანი შეხვედრები გვქონდა, პრაქტიკულად 7 საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. იურისტებს დამატებით მუშაობა მოუწევთ, რომ ეს შეთანხმებები ქაღალდზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, ნიუანსებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გაგრძელდება . დარჩა ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთბრუნვის რისკის მიტიგაციას ეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართულობაზე. ვიმუშავებთ ამ ალტერნატიულ ვარიანტზე და უახლოეს მომავალში შედგება დამატებითი განხილვები, თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ მთავრობა გამორიცხულია ამ პროცესიდან, გარკვეული ჩართულობა ყველა მხარეს მოუწევს ,“-განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებს – EBRD, OPIC, ADB, AIIB – რომლებიც პროექტს 400 მლნ დოლარით აფინანსებენ, მთავრობასთან შემდეგი 8 მოთხოვნა აქვთ:

1. პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული, სანამ არ დაიფარება პორტის პირველი ფაზის განვითარებისთვის ბანკების მიერ გამოყოფილი სესხები, მანამდე მომდევნო ფაზების განვითარება მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რომელიც დასაბუთებული იქნება შესაბამისი კვლევებით. ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო, ააშენოს მეორე ფაზა, თუ არ იქნება ტვირთნაკადი.

2. სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი. სახელმწიფომ დააზღვიოს ის სხვაობა, რაც დააკლდება კონსორციუმს, რომ ბანკებს გადაუხადოს სესხი გრაფიკის მიხედვით. მთავრობამ ეს თანხა უნდა ასესხოს კონსორციუმს, ხოლო კონსორციუმმა უნდა გადაუხადოს ბანკებს. ბანკების მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, კონსორციუმმა უნდა გაისტუმროს ეს სესხი, შემდეგ სუბორდინირებული სესხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ კონსორციუმის ინვესტორები მოგებას პორტიდან.

3. გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში. თუ დაგვიანდა გზისა და რკინიგზის მშენებლობა, პორტი ვერ დაიწყებს ოპერირებას, ინვესტორი ნახავს ზარალს, ბანკებს ვერ გადაუხდის სესხს, შესაბამისად, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა და უნდა აანაზღაუროს ზარალი.

4. კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი. საუბარია უფრო ბანკების მიერ სესხის გასხვისებაზე, ან კრედიტორის ჩანაცვლებაზე. მთავრობის პოზიციაა, რომ არ უნდა მოხდეს სესხების გადაფორმება ისეთ მხარეზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკებს, ამას ბანკებიც ეთანხმებიან.

5. სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები.

6. სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში

7. საკანონმდებლო ცვლილებების შეთანხმება ან კომპენსირება. უნდა გაფართოვდეს ის სია, რომელიც ინვესტიციას დაიცავს ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებებისგან.

8. BOT კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის სახელმწიფოს მიერ დაფარვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები