შვიდ ათეულ წელზე მეტი გავიდა, მას შემდეგ რაც ქალებმა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყეს. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა წინ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.
ქალებზე კვლავ ძალადობენ, მათთვის ისევ არის სამუშაო ადგილების პრობლემა, მსოფლიოს პარლამენტებში ისევ გენდერული დისბალანსია…
საქართველოშიც ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გეტყვიან – აბა ქალებს რა შეგიქმნიათ, მეცნიერებაში, ხელოვნებაში…
შეუქმნიათ და კვლავ ქმნიან კიდეც… ნებისმიერ დარგში…
არიან ქალები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, რომლებმაც სხვების ცხოვრება შეცვალეს. არიან ძლიერი ქალები, რომელთა მცირე ნაწილს ვიცნობთ, ძალიან ბევრს კი, არა. სიის შედგენა მარტივი აღმოჩნდა, თუმცა მისი შემცირება რთული.
მარგარეტ ტეტჩერი
„იყო ძლიერი, დაახლოებით იგივეა, რომ იყო ქალი. თუკი ხალხისთვის ამის მტკიცება გიწევს, ესე იგი, არ ხარ ასეთი“
ეს არის ქალი, რომელმაც შექმნა, არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო პოლიტიკის გარკვეული ეპოქა და შეიმუშავა ახალი პოლიტიკური მიდგომა, რომელიც შემდგომში პრაქტიკაში ტეტჩერიზმის სახელით დამკვიდრდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე ტეტჩერის გამოსვლა 1975 წელს უკავშირდება, როცა ის გაერთიანებული სამეფოს “კონსერვატიული პარტიის” პირველ ქალ ხელმძღვანელად აირჩიეს. 1979 წელს მარგარეტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი გახდა. უინსტონ ჩერჩილის მსგავსად, ის უდიდესი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა, არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიო პოლიტიკური კლიმატი. ალბათ სწორედ ამ მსგავსების გამო, აღნიშნავდა ლეონიდ ბრეჟნევი – „მარგარეტ ტეტჩერი ცდილობს ატაროს უინსტონ ჩერჩილის შარვალი“.
დედა ტერეზა
„თუ მართლა გვინდა დავიპყროთ მსოფლიო, ეს უნდა გავაკეთოთ არა ბომბებითა და სხვა გამანადგურებელი იარაღით…ჩვენ მსოფლიოს სიყვარულით დავიპყრობთ“
მისიონერი, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მის მიერ დაარსებული კათოლიკე მონაზვნების კონგრეგაცია „მისიონერული სიყვარულის დები“ მთელ მსოფლიოში დღემდე ცნობილია. 90-იანი წლების დასაწყისში დედა ტერეზას ორდენის მონაზვნები საქართველოშიც მოღვაწეობდნენ. საქართველოს თავად დედა ტერეზა 1989 წლის ივნისში ესტუმრა და 9 აპრილის ღამეს მოწამლულები მოინახულა. მაშინ, დედა ტერეზამ თბილისში სათნოების სახლი დააფუძნა და ოთხი მოწყალების დაც დატოვა.
1910 წელს მაკედონიის ქალაქ სკოპიეში, ალბანელთა ოჯახში დაბადებული აგნეს ბოიაჯიუ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ქალი გახდა. გავლენიანი თუნდაც იმიტომ, რომ ის აკეთებდა განცხადებებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში მკრეხელობად შეირაცხებოდა.
ანგელა მერკელი
გერმანიის რკინის ლედი – ლიდერი ქვეყნისა, რომელიც მართავს ევროპის ეკონომიკას.
ანგელა მერკელის ნამდვილი სახელი და გვარი ანგელა დოროთია კესნერია. მისი მამის ოჯახი პოლონური წარმოშობისაა, ხოლო მერკელი ანგელას პირველი ქმრის გვარია. ის 1977 წელს დაქორწინდა თანამემამულე ფიზიკოს სტუდენტზე, თუმცა 4 წლის შემდეგ გაშორდნენ.
მას აქვს ხარისხი ფიზიკაში და დოქტორის წოდება კვანტურ ქიმიაში. ზოგიერთი ამბობს, რომ მისი წარმატება პოლიტიკაში განპირობებულია სამეცნიერო და ანალიტიკური აზროვნების გამოყენებით, სხვადასხვა სიტუაციაში. მან განაგრძო სწავლა მეცნიერების განხრით და გახდა ერთადერთი ქალი თეორიული ქიმიის ნაწილში, აღმოსავლეთ გერმანიის მეცნიერებათა აკადემიაში.
60 წელს გადაცილებული ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი უკვე მეოთხე ვადითაა. 14 წლიანი მმართველობის შემდეგ, ის თანამდებობაზე კიდევ 2 წლით დარჩება.
ამჟამად მერკელი ევროპაში ყველაზე ძველი მოქმედი ლიდერია. მისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში არა ერთი პრეზიდენტი გამოიცვალა მსოფლიო არენაზე. იცვლებოდა გამოწვევები და საფრთხეებიც.
შეიძლება ამ მხრივ მსოფლიო მას ნაკლებად იცნობს, თუმცა მერკელი ქალთა უფლებების აქტიური დამცველიცაა. 2017 წელს სწორედ მისი მოთხოვნის შემდეგ, გერმანიაში ბურკებზე ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა. მისი ინიცირებულია კანონპროექტი, მსხვილ ორგანიზაციებში დირექტორთა საბჭოში 30%-ით ქალებით დაკომპლექტების შესახებ.
ბენაზირ ბჰუტო
„აღმოსავლეთის რკინის ლედი“ – ისრაელისა და ისლამური სამყაროს დამაკავშირებელი ჯაჭვი.
ბენაზირ ბჰუტოს (Benazir Bhutto) მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, ყველაზე ცნობილ პოლიტიკოს ქალად იხსენიებენ. თავად ბენაზირი კი, საკუთარ თავს „აღმოსავლეთის ასულს“ უწოდებდა.
ბენაზირს თავისუფლად შეეძლო, მდიდარი პაკისტანელი ქალის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლა არჩია. ბენაზირის წინაპრები მამის მხრიდან, სინდის პროვინციის დიდებულები იყვნენ. მისი ბაბუა შაჰ ნავაზი თავის დროზე პაკისტანის ხელისუფლებას ედგა სათავეში. მისი მამა, ზულფიკარი (Zulfikar Ali Bhutto) შვილის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას ყველანაირად ხელს უწყობდა: როდესაც 12 წლის ბენაზირს დედამ ჩადრი აჩუქა, როგორც პატივსაცემი მუსლიმური ოჯახის შვილს, მამამ ჩადრის ტარების არჩევანის უფლება თავად გოგონას მიანიჭა. ბენაზირს ჩადრი არასოდეს გაუკარებია. თავისი ქვეყნის პატივსაცემად, ის მუდამ ელეგანტური თავშალით დადიოდა.
ზულფიკარ ალი ბჰუტო 1971 წელს პაკისტანის პრეზიდენტი გახდა. მან საკუთარი ქალიშვილის პოლიტიკური კარიერისთვის შემზადება იწყო. იმ დროს ქვეყანაში ყველაზე მწვავე პრობლემად ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაურკვეველი საზღვარი იყო. ამის გამო, ხალხი კონფლიქტის მუდმივ რეჟიმში ცხოვრობდა. 1972 წელს, ინდოეთთან მოსალაპარაკებლად, მამა-შვილი ერთად გაემართა. იქ გაიცნო ბენაზირმა ინდირა განდი და არაოფიციალურ ვითარებაში მას ბევრი ესაუბრა. მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგები გამოიღო, რაც საბოლოოდ, ბენაზირის პრემიერმინისტრობის დროს განმტკიცდა.
1977 წელს, პაკისტანში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. ზულფიკარი ხელისუფლებას ჩამოაცილეს და სიკვდილით დასაჯეს. ქვეყნის ყოფილი ლიდერის ქვრივი და ქალიშვილი ხელისუფლების უზურპატორის ზია ულ ჰაქის (Muhammad Zia-ul-Haq) წინააღმდეგ სახალხო მოძრაობას ჩაუდგნენ სათავეში. ისინი მალე დააპატიმრეს. მის დედას შინა პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბენაზირმა ტუსაღობის ყველა სიმძიმე გამოსცადა.
1984 წელს, დასავლეთის ჩარევის წყალობით, ბენაზირმა საპყრობილეს თავი დააღწია. მან ევროპისკენ გასწია და პოლიტიკური შეხვედრები გამართა. ამის შემდეგ, მან რამდენჯერმე დაიკავა პრემიერმინისტრის პოსტი.
მოგვიანებით, ბენაზირი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას და მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, პაკისტანში დაწყებითი განათლების დეფიციტი სამჯერ შემცირდა.
ამის მიუხედავად, ის ქვეყნიდან იძულებით გააძევეს, თუმცა 2007 წელს ის კვლავ დაბრუნდა და საპროტესტო ტალღები წამოიწყო. ქალი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა, მიტინგზე გამოსვლის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მანქანაშივე მოკლეს.
მალალა იუსაფზაი
„ჩვენ ვაანალიზებთ საკუთარი ხმის მნიშვნელობას მაშინ, როცა გვაიძულებენ გავჩუმდეთ”
პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც 14 წლიდან მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ის ტერორისტული მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან“-ის მებრძოლებმა დაიჭირეს. მალალა იუსაფსაიმ 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის და სახაროვის პრემიები. 2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი.
2014 წლის 29 ოქტომბერს მიენიჭა კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო – მსოფლიოს ბავშვთა პრემია, რომელსაც მედია ნობელის ბავშვთა პრემიას უწოდებს.
მან გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე მქვია მალალა“, რომელიც ბესტსელერი გახდა და რომელზეც ფილმიც გადაიღეს.
დღეს მალალა ოჯახთან ერთად ინგლისში, ბირმინგემში ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. თუმცა, ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პაკისტანში ქალებს უსაფრთხოდ ცხოვრება შეეძლებათ.
კოკო შანელი
„იმ ქალებს, რომლებიც სამსახურში დადიოდნენ, მოვუწოდე გათავისუფლებულიყვნენ კორსეტის ტყვეობისგან“
ის, რომ მოკლედ შეჭრილი თმა მოდურად ითვლება, ის რომ შარვალი მხოლოდ მამაკაცის სამოსი აღარაა, ერთი ადამიანის დამსახურებაა, რომელიც მსოფლიო მოდა, საკუთარ ცხოვრებას მოარგო. პირველმა მოიფიქრა საცურაო კოსტუმის მოდელი, პირველი იყო მათ შორის, ვინც მზეზე სტილისთვის გაირუჯა, უარყო კორსეტი, ბიჭურად შეიჭრა თმა და ასეთი გამოწვევით მსოფლიო შოკში ჩააგდო.
შავი ფერი მოდაში სწორედ მის გამო შემოვიდა, მან საყვარლების გარდაცვალება მთელ საფრანგეთს „აგლოვა“.
ჯაჭვისსახელურიანი ჩანთა, პატარა ქუდები, დიდი სათვალე, მოკლედ, რაც შანელმა შესთავაზა ქალბატონებს, ყველაფერი მოდური გახდა და დარჩა კიდეც. კოკო შანელამდე ქალები სხვანაირად იცვამდნენ და უბრალოდ სხვანაირები იყვნენ.
ლოგო კი, რომელიც დღემდე ყველაზე ცნობილია მსოფლიოში, იმ თავშესაფრის ფანჯრების დიზაინიდან მოდის, რომელშიც დიზაინერმა ბავშვობა გაატარა.
აღსანიშნავია, რომ სანამ ის წარმატებას მიაღწევდა, ის მოდაზე მუშაობის პარალელურად, კაბარეში მღეროდა. მისი მეტსახელი სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება.
ანჯელინა ჯოლი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გვალენიანი ქალი, ჰოლივუდის მსახიობი ანჯელინა ჯოლი გაეროს კეთილი ნების ელჩია. ანჯელინა ხშირად სტუმრობს ლტოლვილების ბანაკებს და აქტიურად არის ჩართული ბავშვების უფლებების დაცვაში. ასევე კითხულობს ლექციებს.
ჯოლის დედა გარდაიცვალა მკერდის და საკვერცხეების სიმსივნის დიაგნოზით. ამის შემდეგ ჯოლიმ გაარკვია, რომ მუტაციური BRCA1 გენის მატარებელია, რაც მკერდის სიმსივნის განვითარების 87%-იანი და საკვერცხის კიბოს განვითარების 50%-იანი რისკით ხასიათდება. ჯოლიმ ჩაიტარა მკერდის მოკვეთის და საკვერცხეების ამოკვეთის ოპერაცია.
სამედიცინო მედიაში 2013 წლიდან გამოჩნდა ახალი ტერმინი – “ჯოლის ეფექტი”. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანჯელინა ჯოლიმ მუტაციური BRCA1 გენის არსებობის გამო, პრევენციული მასტექტომია ჩაიტარა, მსოფლიო მასშტაბით 2-ჯერ გაიზარდა ქალების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში მკერდის კიბოს გენეტიკურ კონსულტაციაზე და სქრინინგზე.
https://www.youtube.com/watch?v=Oi0v4ry-DaE
ანა ვინტური ვოგის რედაქტორი
ჟურნალი Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური ჟურნალი Forbes-ის მიხედვით, მასობრივი მედიის გასართობ სფეროში ყველაზე გავლენიანი ქალია.
ანა ვინტური ამერიკულ Vogue-ს 1988 წლიდან ხელმძღვანელობს და გარდა ამისა, Conde Nast-ის არტ დირექტორია. 2008 წელს, ბრიტანეთის იმპერიის კავალერიის ორდენით დააჯილდოვეს.
ანას სიტყვა მოდის ინდუსტრიაში დღემდე კანონად რჩება, შეიძლება ითქვას, რომ მასზეა დამოკიდებული რომელიმე ამომავალი ვარსკვლავის კარიერის წარმატება ან წარუმატებლობა. ამ 23 წლის განმავლობაში, ვინტური უამრავ დიზაინერს დაეხმარა წინსვლაში, მაგ : Zac Posen, John Galliano, Narciso Rodriguez, Tory Burch, Thom Browne, Marc Jacobs და სხვ.