LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 მარტი – ფერადი ყვავილები და 1000 მშობლის მარში

140
გენდერი

დღეს, როდესაც ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, ქალები უარავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგანან. მიუხედავად საზოგადოების აქტიური ჩართულობისა, როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში, ეს აქტივობა საკმარისი არაა – ბევრი მიზეზის გამო. ხშირად ქალთა პრობლემებს, თავად საზოგადოების დამოკიდებულება აღრმავებს – სტერეოტიპები, სტიგმა და ალბათ გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ არაჯანსაღი მიდგომები.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალთა უფლებების უკეთესი გააზრებისთვის, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, საკანონდემბლო ცვლილებები – ეს იმისთვის, რომ ჩვენ, ქალებს, ხმის ამაღლების არ შეგვეშინდეს და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის გარანტად უკეთესი კანონი გაგვაჩნდეს.

 

#ნინისთვის – 1000 მშობლის მარში

 

დღეს, ქობულეთში მომხდარი 13 წლის ნინის თვითმკვლელობიდან თითქმის 1 თვე გავიდა. ფაქტისთვის უნდა შეგახსენოთ, რომ გოგონამ სიცოცხლე გაუპატიურებისა და ოჯახის წევრების მხრიდან ფიქოლოგიური ძალადობის გამო თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ეს არ გახლავთ ერთადერთი ან ცალკეული შემთხვევა – გაუპატიურების მსხვერპლი ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ბოლო წელიწადში, ბევრი გოგონა გახდა. თუმცა, ნინის ტრაგიკულმა ამბავმა დღეს საზოგადოება გააერთიანა და ქვეყანაში 1000 მშობლის მარში 10 ქალაქში დაიგეგმა.

სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა

ამ თემაზე მუშაობისას ჩვენი მკითხველისთვის გვსურდა უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა თუ რას ემსახურება 1000 მშობლის მარში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან მოგვესმინა აზრი, თუ რით შეიძლება ზემოთაღნიშნულ პრობლემებს ვებრძოლოთ, რა არის ის მთავარი გზავნილები, რაც ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ.

უთანასწორობა და მჩაგვრელი პრაქტიკა აფერხებს ქვეყანაში ქალთა უფლებების გაუმჯობესებას: სახალხო დამცველი გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქალები დგანან

 

უფლებადამცველები და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანობისთვის

 

„ფორტუნა“ 1000 მშობლის მარშის ერთ-ერთ ავტორს, ქალთა უფლებადამცველსა და ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორს, ბაია პატარაიას დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ მარშის დაგეგმვისა და შემდგომ ჩატარების მთავარი მოწოდება ქალთა მიმართ ძალადობას თემატიკას ეძღვნება, რომლის მთავარი გმირი სწორედაც რომ ქობულეთში გარდაცვლილი 13 წლის ნინი და მისნაირი უამრავი გოგონაა.

 

„მიუხედავად უამინდობისა, დღეს დღეს, 8 მარტს, ჩვენ მაინც შევიკრიბებით თბილისში, ვარდების მოედანზე და კიდევ 10 მსხვილ ქალაქში. გაიმართება 1000 მშობლის მარში და ეს მარში ეძღვნება გაუპატიურებისა და ბავშვებზე სექსუალური ძალადობის პრობლემას,“ – გვითხრა ბაია პატარაიამ და დაამატა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს მარში ტარდება პროტესტის 100 დღის ფარგლებში, რომელიც ქობულეთის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ნინის გამო დაიწყო.

 

რას ითხოვს სამოქალაქო საზოგადოება

 

უფლებადამცველის თქმით, საზოგადოება სისტემური რეფორმების დაუყოვნებლივ გატარებას ითხოვს, რაც გულისხმობს ერთის მხრივ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მეორე მხრივ, უწყებებში თანამშრომლების დამატებას, როგორიცაა: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ა.შ.

„ასევე რეფორმას პროკურატურაში და განათლების სისტემის შეცვლას, რომ ბავშვს შეეძლოს სექსუალური მოძალადის ამოცნობა და იცოდეს, რომ დახმარებისთვის უფროსებს უნდა მიმართოს, არ ჰქონდეს შიში, რათა ადვილად არ მოატყუონ – ამას, ყველაფერს სწავლება სჭირდება,“ – დასძენს „ფორტუნასთან“ საუბრისას ბაია პატარაია.

 

1000 მშობლის მარშის მთავარი გზავნილები

 

ჩვენს კითხვაზე კი – რა არის ის მთავარი გზავნილები, რაც საზოგადოებამ 1000 მშობლის მარშის ფარგლებში უნდა მოისმინოს, უფლებადამცველი ასე პასუხობს:

„პრინციპში, ჩვენ სარვამარტოდ და 25 ნოემბრესაც რაიმე კონკრეტულ თემატიკას ვირჩევთ-ხოლმე, რომ ძალიან ზოგადი არ იყოს და ამ შემთხვევაშიც ეს არის სქესობრივი ძალადობა. სამწუხაროდ, ძალიან ტაბუირებული თემაა და ძალიან ბევრი ქალი ამ დანაშაულს ითმენს, რადგან არ აქვს მხარდაჭერა არც საზოგადოების და არც სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან. ჩვენ ასეთ ქალებსა და ბავშვებს გვინდა ვუთხრათ, რომ არიან ადამიანები და ასეთები ბევრნი ვართ, რომლებიც დახმარებას გავუწევთ. აუცილებელია ამოიღონ ხმა, რათა ჩვენ მათი დროული დახმარება შევძლოთ,“ – უთხრა „ფორტუნას“ უფლებადამცველმა.

სირთულეების მიუხედავად, ქალი აქტივისტები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კვლავაც სხვადასხვა მოძრაობის ავანგარდში არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

 

“კაცები ზრუნავენ”

 

აღსანიშნავია, რომ 1000 მშობლის მარშში ჩართულია არა მხოლოდ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები, არამედ სხვა სფეროს წარმომადგნლებიც. მსახიობი, მწერალი და კამპანია „კაცები ზრუნავენ“ -ის სახე, სანდრო ლორთქიფანიძე ჩვენთან საუბრისას ქალებს 8 მარტს ულოცავს და ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს.

მისი თქმით, სასურველია, 8 მარტი მხოლოდ მილოცვის, ყვავილებისა და საჩუქრების ჩუქების დღე კი არ იყოს, არამედ იმ პრობლემის განხილვისა და მსჯელობის დღე იყოს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ქალებს აქვთ.

„მათ შორის, ვგულისხმობ, უთანასწორების პრობლემას და თუნდაც იმ პატარ-პატარა წვრილმანებს, რაც შესაძლოა, ცხოვრებაში კარიერულ თუ ოჯახურ სივრცეებში წინ ეღობებოდეთ,“ – ამბობს სანდრო ლორთქიფანიძე და მიიჩნევს, რომ  ამ დღეს, ასეთ საკითხებზე განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა ვამახვილებდეთ.

 

რაზე უნდა ვისაუბროთ ერთად

 

„უნდა ვსაუბრობდეთ კაცთა და ქალთა თანასწორობაზე, უნდა ვსაუბრობდეთ თანაბარ პირობებზე სამსახურებში, რაც ძალიან ბევრ რამეში გამოიხატება. თუნდაც, ერთსა და იმავე პოზიციაზე, ერთსა და იმავე პროფესიონალების თანაბარი ხელფასებით. ასევე პროფესიული არჩევანის გაკეთებისას, სტერეოტიპების არარსებობაზე, რაც ხშირად ქალებს არჩევანში ზღუდავთ ხოლმე,“ – დასძენს ლორთქიფანიძე.

მისი შეფასებით, მაშინ, როდესას ქვეყანაში მოხშირებულ ძალადობის შემთხვევებში იმატა და შესაბამისად, ქალთა უფლებების კუთხით, მწვავე პრობლემა დაგვიდგა, აუცილებელია გავიაზროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება.

„ამ პრობლემას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს, თუმცა მე ალბათ ორ საკითხზე გავამახვილებდი ყურადღებას, რითიც შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას. ბუნებრივია, ეს მოძალადეთა რაოდენობას არ აღმოფხვრის და მესმის, რომ ასეთი ადამიანები მთელ მსოფლიოში არსებობენ, მაგრამ არსებობს ორი რამ, რაც ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია. პირველი ესაა კანონი და მეორე საზოგადოების დამოკიდებულება,“ – აღნიშნავს ტელეწამყვანი და მსახიობი.

ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, კანონი უნდა იყოს გამკაცრებული, თუნდაც გაუპატიურების შემთხვევების მიმართ და ამ მარშსაც კონკრეტული გზავნილი აქვს.

კანონმდებლობის ხარვეზები

 

საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ თუ არასრულწლოვნის მოტაცების მიზანი ოჯახის შექმნა იყო, ეს გამართლებულია

„ვფიქრობ, გაუპატიურების დასაფიქსირებლად, კონკრეტული ფიზიკური ძალადობის კვალის აღმოჩენა არ უნდა იყოს აუცილებელი, რადგან ექსპერტიზას ისედაც შეუძლია დაადგინოს სქესობრივი კავშირი ნებით მოხდა თუ ძალადობის შედეგად – რაკი საქმე ყოველთვის ცემაზე არ მიდის და ძალიან ბევრი შემთხვევა, შესაბამისი სარჩელის გარეშე გრძელდება ხოლმე.

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისაგან” – ევროკავშირი საინფორმაციო კამპანიას იწყებს

მეორე – საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ამ თემას ხშირად სტიგმად აქცევს-ხოლმე. სამწუხაროდ და გასაოცრად, ძალიან ხშირად ქალებს ადანაშაულებენ, რომ მათ თავად გამოიწვიეს ეს მანიაკალური შემთხვევა, რომელიც გამართლებული არანარი გამომწვევობით არ შეიძლება იყოს. მითუმეტეს, როდესაც გაუპატიურებასა და ძალადობაზე ვსაუბრობთ.

ამდენად, ამ თვალსაზრისით, საზოგადოების დამოკიდებულების გაჯანსაღებას ვისურვებდი, ასევე მოძალადაის მიმართ საზოგადოების აბსოლუტურ მიუღებლობას და მეორე მხრივ, ვისურვებდი, ეს ყველაფერი კანონმა გააკონტროლოს. იმისთვის, რომ როგორც მინიმუმ მოძალადეებს გაუჩნდეთ შიში იმისა, რომ შესაბამისი ქმედების შემთხვევაში, ისინი სათანადოდ დაისჯებიან,“ – გვითრა სანდრო ლორთქიფანიძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები