LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული დედა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

196
deda_mkvleli

გორის სასამართლომ 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა პატიმრობაში დატოვა.

,,დღეს გაიმართა არასრულწლოვანი ბრალდებულის მ.შ-ს წინასასამართლო სხდომა, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, სრულად გადასცა ის მასალები და მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილი ჰქონდა ბრალდების მხარეს საქმის არსებითი განხილვისთვის, ასევე, იმსჯელა არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებულ პატიმრობასთან დაკავშირებით და კვლავ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ბრალდებული უნდა დარჩენილიყო პატიმრობაში და მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში“, – განაცხადა წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

ბრალდების მხარის პოზიცია ამჯერად არ გაიზიარა დაცვის მხარემ. 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ადვოკატი არ ასახელებს არგუმენტებს, რის გამოც დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას აღარ ეთანხმებოდა.

,,წინასასამართლო სხდომაზე განიხილებოდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი, დაინიშნა არსებითი განხილვის სხდომა. დამატებით ვერ მოგაწვდით ვერანაირ ინფორმაციას, მათ შორის ვერც იმას, ინარჩუნებს თუ არა ბრალდებული დუმილის უფლებას. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის შეფარდებულ აღკვეთის პირობებს, დღეს აღარ დავეთანხმეთ ბრალდების მხარის პოზიციას და აღკვეთის ღონისძიების არშეფარდებას ვითხოვდით, თუმცა, სამწუხაროდ, ძალაში დარჩა. ვერაფერს გეტყვით იმ არგუმენტებზე, რის გამოც აღარ ვეთანხმებოდით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას“, – განაცხადა არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ქეთი გაგოევმა.

წინასასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, სასამართლოს შენობაში, ბრალდებულის ოჯახის წევრები და მისი მეუღლის ნათესავები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, ვითარების განსამუხტად სასამართლოს მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო.

21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვი მამამ სახლში მოკლული იპოვა. შემთხვევიდან რამდენიმე საათში, პოლიციამ ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილი ჩვილის არასრულწლოვანი დედა დააკავა. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გორის რაიონულ სასამართლოში აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა 8 ივლისს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები