გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს გამართულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა და 7 მოქალაქეს დაკისრებული 3 000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა. შვიდივე პირის დაჯარიმება საგანგებო მდგომარეობის დროს, სოციალური დისტანციის დაცვის დარღვევისთვის დაიწერა, თუმცა არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებოდა. ინფორმაციას “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს, რომელიც შვიდივე პირის უფლებებს იცავდა სასამართლოში. ადვოკატი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ ჯარიმის ქვითარი ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული, ამიტომ მოსამართლემ მტკიცებულებების არარსებობის გამო ცენტრის მოთხოვნა ჯარიმის გაუქმებაზე, სრულიად დააკმაყოფილა.
“ფაქტი მოხდა 2020 წლის 17 აპრილს შუადღეს, დაახლოებით 13:00 საათზე. პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს შვიდივე ადამიანი ერთად იდგა. სინამდვილეში ცალ-ცალკე იდგნენ. 3 მოშორებით, 3 ადამიანი მაღაზიასთან და ერთიც ცალკე. ეს ადგილი მოედანივითაა და დისტანცია აბსოლუტურად დაცული იყო. მოსამართლემ მტკიცებულებების არარსებობის გამო, ჯარიმის ქვითარი გააუქმა. მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებია წარდგენილი საქმეში”, – აცხადებს ლექსო მერებაშვილი.
ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 21 აპრილს ცენტრის შიდა ქართლის ოფისს, გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: თამაზ მახარაძემ, იოსებ ხაბალაშვილმა, ხვიჩა საბაშვილმა, ედუარდ ფაილევანიანმა, თამაზ ავეტისოვმა, უშანგი საბაშვილმა და მიხეილ ფიდიურმა მიმართეს. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ისინი დააჯარიმეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დისტანციის დაუცველობის გამო. მათივე განმარტებით, ჯარიმას ისინი მიიჩნევდნენ უკანონოდ, რადგან არ იმყოფებოდენენ ერთად, 3 ადამიანი იდგა ცალკე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მათგან 40-50 მეტრის დაშორებით იდგა კიდევ სამი ადამიანი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო ერთი მათგანი იდგა საერთოდ ცალკე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ ერთად და გამოწერა შვიდი 3000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი.