რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? – ამ კითხავზე პასუხის გასაცემად ”ფორტუნა” ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს ესაუბრა. მესხიშვილის ინფორმაციით, არსებობს ძირითადი 7 მიზეზი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქი თითქმის ავტოკოლაფსამდე მიიყვანა. ეს მიზეზებია:
1. ავტომობილების რაოდენობის უსისტემო ზრდა (მანქანების რაოდენობა იზრდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე. მათი სიმრავლე საცობების პირველი მიზეზია);
2. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შეჩერდა (მაგალითად, წინა მერიის პირობებში უნდა განტვირთულიყო სააკაძის მოედანი, გაკეთებულიყო რკინიგზის შემოვლითი გზა და ა.შ. ეს პროექტები ამჟამინდელმა მერიამ შეაჩერა);
3. მძღოლების მიერ წესების დარღვევა;
4. საპატრულო პოლიციის მიერ დარღვევების უყურადღებოდ დატოვება და ნული რეაგირება;
5. პარკირება (ავტომობილების რაოდენობა არის დიდი, საპარკინგე ადგილები კი ცოტა. შესაბამისად, ყველა იქ აყენებს საკუთარ ავტომობილს, სადაც თავისუფალ ადგილს დაინახავს.);
6. საგზაო მოძრაობის დარეგულირება (მაგალითად, დასუფთავების სამსახური უნდა მუშაობდეს საღამოს საათებში, დისტრიბუციის მანქანების საქმიანობა პიკის საათებში უნდა შეიზღუდოს, ცენტრალურ გამზირებზე მხოლოდ ავტობუსები უნდა დადიოდნენ და არა სამარშუტო ტაქსები…);
7. ქვეითად მოსიარულეები (საცობების შექმნას ხელს უწყობენ ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე ჭრიან გზებს. ამის გამო, ბოლო 1 წლის მანძილზე 200 ადამიანი დაიღუპა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია).
ცნობისთვის, საქართველოში დაახლოებით 1 050 000 მანქანაა ექსპლუატაციაში. აქედან 40-50% დედაქალაქში მოძრაობს. ანუ ყოველ მესამე ადამიანს ავტომობილი ჰყავს.