LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62-ე ადგილზე ყოფნის მიუხედავად, საქართველოსთვის PISA-ს შედეგი გაუმჯობესებულია

65

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევამ  PISA 2015 საქართველოსთვის არასახარბიელო შედეგი აჩვენა – ჩვენი ქვეყანა საბაზისო განათლების დონით 62-ე ადგილზეა.  როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში საბაზისო განათლების დონე საშუალოზე დაბალია, 2009 წელს გამოქვეყნებულ შედეგებთან შედარებით დინამიკა არის აშკარად გაუმჯობესებული.

„ქვეყნების შედარება ძალიან პირობითია და ამ კრიტერიუმით, მე ვფიქრობ საქართველოსთვისაც არ არის მნიშვნელოვანი რომ მონაცემებს დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია, შევხედოთ ჯერ ერთი პროგრესს წინა წლებთან შედარებით. წინა სრულფასოვანი ციკლი, რომელშიც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ, არის 2009 წლის ციკლი, მასთან შედარებით გვაქვს გაუმჯობესება, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი გვაქვს საშუალოზე დაბალი, საქართველომ შეძლო მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა საკუთარი შედეგები,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში PISA-ს კვლევების კოორდინატორი თამარ ბრეგაძე.

კითხვაზე – რა კრიტერიუმებით აფასებს აღნიშნული ორგანიზაცია განათლების დონეს და არის თუ არა სანდრო მისი შედეგები, თამარ ბრეგაძე ამბობს, რომ ეს არის კომპლექსური საერთაშორისო კვლევა, რომელშიც მრავალი ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციაა  ჩართული და მისი შედეგები არის აბსოლუტურად სანდო. რაც შეეხება კრიტერიუმებს, თამარ ბრეგაძის თქმით, ქვეყნების ერთმანეთთან შედარებით გამოითვლება საშუალო მაჩვენებელი

„ყველა ქვეყანა რომ ავიღოთ და PISA-ს სკალაზე რომ წარმოვიდგინოთ მოსწავლეთა მიღწევა – ეს არის საშუალო მაჩვენებელი. ამ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში ნაჩვენებია თუ რამდენად არის ქვეყანა წინ, ან უკან. “ – ამბობს თამარ ბრეგაძე.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ გადახედვას და სწორედ ამიტომ იგეგმება რეფორმები ყველა მიმართულებით.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხორციელდება არაერთი პროექტი, მათ შორის ინოვაციური პროექტები, რომლებიც პიდაპირ უკავშირდება განათლების საბაზისო დონის ამაღლებას. რა თქმა უნდა, სამინისტროს მიდგომა არის, რომ სწავლის ხარისხი იყოს მაღალი. ამისთვის ყველაფერი კეთდება, თუნდაც პედაგოგთა ტრენინგები, ფიქსირებული სახელმძღვანელოებზე მუშაობა და ა.შ. ეს ყველაფერი მიმართული არის იქითკენ, რომ განათლების დონე იყოს მაღალი,“ – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

გვანცა ბზიავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები