LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

600 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება – მამუკა ბახტაძე

baxtadzemamukamilocva1

ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს, ექიმებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს და მაშველებს, თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

„ძვირფასო თანამემამულენო, მეგობრებო! გილოცავთ დამდეგ 2019 წელს! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ბევრ მიზეზს ბედნიერებისთვის.

ახალი წელი ყველას დღესასწაულია და როცა მთელი ქვეყანა ზეიმობს, მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში დგას. ახალ წელს ვულოცავ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს სამხედროებს, ექიმებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, – თქვენ ჩვენი იმედი ხართ, თქვენზე დგას საქართველოს სიმშვიდე“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

ამასთან, პრემიერი ახალ წელს ულოცავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მისი თქმით, მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ემიგრანტებს, მოკლე დროში ჰქონდეთ სამშობლოში დასაბრუნებელი ყველა პირობა.

„2019 წლის დადგომას გილოცავთ ყველას, იმ რწმენით, რომ მომავალი წელი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრ გასაჭირს უძლებს. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევა სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავძლიოთ ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა – სიღარიბე და მივაღწიოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც ჩვენ დავამკვიდრეთ, დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს და სასიკეთო ცვლილებებს ყველა ოჯახი იგრძნობს.

600 ათასზე მეტი მოქალაქე ამ ახალ წელს ვალებისგან თავისუფალი ხვდება. მხარდაჭერა და სოლიდარობა, ერთმანეთის გვერდში დგომა შეგვაძლებინებს ყველაფერს, ერთიანობით ჩვენ დავძლევთ ბევრ გამოწვევას და საბოლოოდ დავაყენებთ ქვეყანას ფეხზე.

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს უფროს თაობას, ყველას, ვინც უანგაროდ ემსახურა ჩვენს ქვეყანას,“ – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები