ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სრული აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა რადიო ფორტუნას განუცხადა, ამ ეტაპზე ბოლო შტრიხები კეთდება, მიმდინარეობს ტექნიკის გამოცდა და ქვედა მექანიზაციის შემოწმება. საპროექტო სამუშაოები ოპერაში 2009 წელს დაიწყო. შენობას შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მოხდა ინტერიერისა და ფასადის სრული რესტავრაცია პირვანდელი სახის შენარჩუნებით, გაიზარდა საორკესტრო ორმო, დამონტაჟდა ულტრთანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები, სრულად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები, ხელახლა შესრულდა მთავარი დარბაზის მოოქროვება და რესტავრირება. თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით. სრული რესტავრაცია ჩაუტარდა მაყურებელთა დარბაზის სკამებსა და ოპერის ყველასათვის ცნობილ ჭაღს. თეატრის შენობა ასევე სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით. ოპერისა და ბალეტის თეატრისთის შეძენილი იქნა ძვირადღირებული ინსტრუმენტები. მათ შორის ”სტეინვეის” ფირმის ორი ცალი საკონცერტო როიალი, რომელთა საერთო ღირებულება 220 ათასი ევროა. ასევე შეძენილ იქნა ევროპული კომპანია ”სტეინჰოვენის” 16 პიანინო, 12 როიალი და როიალი ”კავაი” 3 ცალი. ოპერის ოფიციალური გახსნა 2016 წლის იანვარში იგეგმება, თუმცა თარიღს ჯერ არ აკონკრეტებენ. თეატრი ახალი სპექტაკლით “აბესალომ და ეთერის” წარმოდგენით გაიხსნება. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ”ქართუს” დაფინანსებით განხორციელდა.