LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 ტენდერიდან ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, ხუთჯერ უკონკურენტოდ, ერთხელ კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე“ – TI ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის კომპანიის შესახებ

151
ti (1)

ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის და 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია შპს „ქორულდი” მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულება 2,247,897 ლარია. შპს „ქორულდმა” 2021 წელს მესტიის მერიისგან 67,069 ლარის ღირებულების ერთი გამარტივებული შესყიდვაც მიიღო.

„დავით ჩართოლანი კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. შპს „ქორულდი” 2020 წელს რეგისტრირებული კომპანიაა. იგი უმთავრესად სამშენებლო საქმიანობას ეწევა და მხოლოდ მესტიის მერიის შესყიდვებში მონაწილეობს. 6 ტენდერიდან ყველა შემთხვევაში გაიმარჯვა, ხუთჯერ უკონკურენტოდ, ერთხელ კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. შპს „ქორულდის” მიერ მოგებული 6 ტენდერიდან ხუთ შემთხვევაში შემსყიდველი მესტიის მერია იყო, ერთხელ კი „მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი”.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავების კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში იმარჯვებს – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”

აღსანიშნავია, რომ დავით ჩართოლანი პარტია “ქართული ოცნების” შემწირველთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან – ოთარ ჩართოლანთან ერთად ფლობს იმავე სახელწოდების კომპანიას შპს „ქორულდი”

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „ქორულდის” მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტის შესყიდვებში და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციაში.