LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარში მაინც გაიმართება: შოთა დიღმელაშვილი

64
შოთა დიღმელაშვილი

შაბათს, 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის მარში მაინც გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, შოთა დიღმელაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ “ფეისბუქზე” ავრცელებს.

როგორც ის წერს, რომ არა საზოგადოების წნეხი, ტრანსპორტს, სკოლებსა და ობიექტებს გახსნის უფლებას არ მისცემდნენ, ხოლო დღევანდელი გადაწყვეტილება შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით, არა ჯანდაცვის ან ეკონომიკის, არამედ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ განსაზღვრა.

“კრედიტების სუბსიდიაზე წვდომით დაშანტაჟებულ ობიექტებს ღია სივრცეში მუშაობის განახლების ნებას რთავენ, თუმცა რაც სახელმწიფოს გასაკეთებელი იყო, საჯარო სკოლებისა და ტრანსპორტის სანიტარული ადაპტაცია – არ გაუკეთებიათ. გახსნას არ აპირებდნენ და ამიტომ? თუ საჭიროდ არ მიაჩნიათ და ამიტომ? ანუ ისევ, არა ვირუსის მართვის, არამედ ბლანკეტური გახსნა-ჩაკეტვების რეჟიმში ვართ. ამოგვაყვინთეს ჰაერის ჩასასუნთქად, როცა წნეხი გაიზარდა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, მესამე ტალღა კვლავ საკმარისი მიზეზი აღმოჩნდება, ქვეყანას სასუნთქი არხები დაუხშონ”. – წერს დიღმელაშვილი.

მისი შეფასებით,  არაკონსტიტუციური კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება, რაც დიღმელაშვილის თქმით, მხოლოდ საგანგებო რეჟიმისას უნდა გამოიყენებოდეს.

“კომენდანტის საათის “ხიდით” გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე. ამაში გაგვიცვალეს მოპროტესტეებს დროებითი, არაგეგმიური შემსუბუქება. აქედან ორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ:

  1. მარტო ბრძოლას მოაქვს შედეგი;
  2. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
  3. გელით ყველას, შაბათს, 8 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო მსვლელობაზე”. – წერს დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი 8 და 15 თებერვლიდან იხსნება. მთავრობის წევრების ცნობით, კვლავ ძალაში რჩება კომენდანტის საათი – 21:00-დან დილის 5:00 საათამდე, ასევე სხვა ყველა შეზღუდვა შაბათ-კვირას ისევ შენარჩუნდება.

8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება