LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51-მდე გაიზარდა მიტოვებულ მიგრანტთა შორის გარდაცვლილთა რიცხვი – ახალი დეტალები სან-ანტონიოში მომხდარ ტრაგედიაზე

226
BeFunky-collage (11)

ტეხასის შტატში, საავადმყოფოში გარდაიცვალა 5 ადამიანი, რომლებიც კიდევ რამდენიმე ათეულ მიგრანტთან ერთად, სატვირთო ავტომანქანაში მიატოვეს ქალაქ სან-ანტონიოს მახლობლად. 5 პაციენტის სიკვდილის შემდეგ, გარდაცვლილთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა.

უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა შორის 39 კაცი და 12 ქალია.

გარდაცვლილთა ეროვნებას ოფიციალურად ჯერჯერობით არ ასახელებენ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში არალეგალურად ჩაყვანილი მიგრანტების უმეტესობა მექსიკის მოქალაქე იყო. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იყვნენ გვატემალის და ჰონდურასის მოქალაქეები.

მიტოვებული ავტომანქანა, რომელშიც 46 ადამიანის ცხედარი იყო, 27 ივნისს აღმოაჩინეს.

ტეხასში, სატვირთო მანქანაში 42 მიგრანტის ცხედარი იპოვეს – პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს

გადარჩენილებს სითბური დარტყმა და გაუწყლოება ჰქონდათ, რადგან სატვირთო ავტომანქანაში, რომლითაც მიგრანტების არალეგალურად ტრანსპორტირება ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში ხდებოდა, არც კონდიცირება და არც სასმელი წყალი იყო.

სან-ანტონიოში, რომელიც მექსიკის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრითაა დაშორებული, ორშაბათს ტემპერატურა, მაღალ ტენიანობასთან ერთად, ცელსიუსით 39.4 გრადუსი იყო.

 

ქალაქის პოლიციის უფროსმა თქვა, რომ პიროვნებამ, რომელიც ახლომდებარე შენობაში მუშაობდა, გაიგონა რომ შველას ითხოვდნენ და სანახავად გავიდა. მან ნახა, რომ მისაბმელის კარი ნაწილობრივ ღია იყო და იქ გარდაცვლილთა გვამები აღმოაჩინა.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პოლიციამ პირველივე დღეს დააკავა სამი ეჭვმიტანილი, თუმცა ამ საქმეში მათი როლი ჯერ კიდევ ნათელი არ არის.

ორს მიგრანტების სიკვდილის გამო ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენეს. ორივე მექსიკის მოქალაქეა და აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები