LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„50 სკოლას მოუწია დისტანციურად, ჰიბრიდულად სასწავლო პროცესის დაწყება“ – რა გამოწვევებითა და სიახლეებით დაიწყო სწავლა, მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს

102
BeFunky-collage

პანდემიური შეზღუდვების შემდეგ, სკოლები ჩვეულ სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდნენ. სწავლა დღეიდან გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, განახლებული რეკომენდაციებითა და სიახლეებით დაიწყო.

სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი იზღუდება, გაიხსნება სასადილო, აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება – იხილეთ განათლების სამინისტროს განახლებული რეკომენდაციები სრულად

დეტალებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა.

მან თითოეულ მშობელსა და ბავშვს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებულია განათლების სამინისტროსთვისაც და სურთ, სასწავლო პროცესი ისე წარიმართოს, როგორი მოლოდინიც აქვთ მშობლებსა და მოსწავლეებს.

თამარ მახარაშვილის თქმით, სიახლეები თითქმის ყველა კლასის სასწავლო პროგრამაში მომზადდა.

„რამდენიმე თვე მიმდინარეობდა შესაბამისი სამზადისი. 2022-2023 სასწავლო წელი გამორჩეული წელია იმით, რომ ბევრი საინტერესო სიახლით შევხვდით. ის მოლოდინები, რაც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გვქონდა აბსოლუტურად გვაკმაყოფილებს, თუმცა, ჯობია ეს  ჩვენმა ბავშვებმა და მშობლებმა შეაფასონ. ჩვენი გადმოსახედიდან კი, უამრავი საინტერესო ინიციატივა, პროგრამა და პროექტი შევიდა 2022-23 სასწავლო წელში, რითაც ძალიან ვამაყობთ, რადგან აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მახარაშვილის განმარტებით, სამინისტროს სიახლეები ზოგადი განათლების მიმართულებით ყველა საფეხურს ეხება. საუბარია შინაარსობრივ ცვლილებებზე, რომელიც დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე შევიდა.

„პირველ კლასში შევიტანეთ ჭადრაკის სწავლება. სპორტულ შეთავაზებებს დაემატა რაგბი დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის. ასევე, საინტერესოა, რომ II-VI  კლასებში სავალდებულო საგნად, კვირაში ერთხელ, კომპიუტერული ტექნოლოგიები ჩაეშვა.

გარდა ამისა, V-VI კლასებში შევიტანეთ  მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელო, რაც სააზროვნო უნარების განვითარებასთან ერთად ხელს უწყობს პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებას. ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა სიახლე, რაც დაწყებით საფეხურს ეხება, მთლიანობაში 12 ათასი მასწავლებლის, შესაბამისი კადრის მომზადებასა და გადამზადებას მოიცავს.

უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან, მაღალმთიან რეგიონებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება VII-IX და გაკვეთილებს თადარიგის ოფიცრები ან მოქმედი ოფიცრები ჩაატარებენ.

ზოგადად ყველაფერი, ჩვენს მიერ საპილოტედ შეტანილი საგანი, დისციპლინა, შეთავაზება თუ პროექტი, გათვლილია იმაზე, რომ ბავშვებს განუვითარდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომელიც ჭადრაკს აუცილებლად ახლავს თან. გარდა ამისა, საშუალო და საბაზო საფეხურზე არის ის კონკრეტული მიმართულებები, დისციპლინები, რაც საბოლოო ჯამში პატრიოტულ სულისკვეთებას გაუღვივებს, საკუთარი ქვეყნის შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის [მოსწავლეებს] სხვადასხვა მეთოდოლოგიითა და ტაქტიკით.

ეს ყველაფერი მიზნად ისახავს იმას, რომ რაც შეიძლება საინტერესო, სახალისო და აქტიური იყოს სასწავლო პროცესი“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

წელს 50 სკოლამ სწავლა ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმში დაიწყო.

როგორც განათლების მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. სწორედ ამ მიზეზით, 50 საჯარო სკოლას უწევს სასწავლო წელი განსხვავებული თარიღით ან ფორმატით – ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმში, ან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში დაიწყოს.

თამარ მახარობლიშვილის განმარტებით, აღნიშნული გამოწვევასთან გასამკლავებლად პრემიერის ინიციატივით ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.

„ჩვენს ქვეყანაში 2 086 საჯარო სკოლა გვაქვს. ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგება ყოველწლიურად დგას დღის წესრიგში.

სკოლას, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები სჭირდება, ლოგიკური და ბუნებრივია, რომ იმ სკოლაში ბავშვები ვერ დარჩებიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ დამთავრდება არდადეგების პერიოდში, რადგან ზოგ სკოლას სჭირდება სრული რეაბილიტაცია, რაც ვერ გვარდება 2 კვირაში, ერთ თვეში ან სამ თვეში.

ჩვენთვის ალტერნატიული ფართი არის ის სივრცე, რომელსაც ჰქვია სკოლა, ამიტომ ჩვენი პრიორიტეტია ვნახოთ ახლომდებარე სხვა სკოლა.

„არ გვინდა სოფელ-სოფელ სიარული, ალტერნატიული ფართები მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს“ – ნორიოს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა გზა გადაკეტეს

რაც შეეხება იმას, რომ უწევთ სოფელ-სოფელ სიარული, ტრანსპორტირების პროგრამით ყველა უზრუნველყოფილია და ამაში მუნიციპალიტეტები არიან ჩართული, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველ რიგში, ითვალისწინებს იმას, რომ სკოლა იყოს ახლოს მდებარე. თუ ამის შესაძლებლობა არ არის, ვარჩევთ ალტერნატიულ ფართს.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ ხდება ალტერნატიული ფართის შერჩევა, ჩვენ ასე პირდაპირ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ინფრასტრუქტურის სააგენტო მიდის, ამოწმებს გამოდგება თუ არა თუნდაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამის მიხედვით, ვიღებთ გადაწყვეტილებას.

50 სკოლას მოუწია დისტანციურად, ჰიბრიდულად სასწავლო პროცესის დაწყება, რათა მოსწავლეებმა შემდგომ პერიოდში შეძლონ ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ სივრცეში შესვლა.

იმისათვის, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს და ყოველწლიურად არ იყოს ასეთი გამოწვევები, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  1 მილიარდი ლარია გამოყოფილი და 2026 წლამდე ჩვენ მოვახერხებთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, საუბარია 800 სკოლაზე, საიდანაც 80 ახალი აშენდება და დანარჩენი რეაბილიტირდება, როგორც ნაწილობრივ, ასევე სრულად.“, – განაცხადა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.