„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, წინა მოლაპარაკების ეტაპზე, „ქართული ოცნება“ შედარებით მარტივ საკითხებზეც კი არ წავიდა, ხოლო ახლა ოპოზიცია ელოდება, რომ 5 საკითხზე, რაც ვადამდელი არჩევნების საკითხის, პატიმრებს, სასამართლოს, საარჩევნო სისტემასა და ძალაუფლების გადანაწილებას ეხება, შუალედური, შემხვედრი ვარიანტი იქნება შეთავაზებული.
ველოდებით დოკუმენტს, ველოდებით შინაარსს. ჩვენი მხრიდან მზად ვართ გონივრული კომპრომისისთვის და ხელისუფლების მხრიდანაც ველოდებით ასევე, გონივრულ კომპრომისს“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებზე საუბრისას.
ჩიხლაძის თქმით, ახლა ოპოზიცია ელოდება დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოოდ გასაჯაროვდება.
“კრისტიან დანიელსონმა იცის მხარეების პოზიციები და აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ შუალედური, შემხვედრი ვარიანტი იქნება. რაც შეეხება საკითხებს, 5-ვე საკითხი იქნება შემოთავაზებაში და ამაზე გუშინდელ შეხვედრაზეც კიდევ ერთხელ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან გიორგი ვაშაძემ და ჩვენმა კოლეგებმაც დააფიქსირეს, რომ 5-ვე საკითხზე უნდა იყოს გარკვეული გადაწყვეტა.
წინა ეტაპებზე „ქართული ოცნება“ არ წამოვიდა შედარებით იოლ საკითხებზეც კი, რაც იყო სასამართლო, საარჩევნო საკითხები, წინასწარ გავლილ საკითხებზეც კი არ წამოვიდა. დაველოდოთ დღევანდელ დღეს და ამ დოკუმენტიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ვინ რაზეა წამსვლელი“, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ.
დანიელსონი დღეს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს კონკრეტულ შეთავაზებას წარუდგენს