ციურიხი – შვეიცარიის საბანკო და საფინანსო ცენტრი, ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აეროკვანძი და უბრალოდ მშვენიერი ქალაქია, სადაც ფანტასტიკურად შეიძლება უქმეების გატარება. გთავაზობთ რამდენიმე „შვეიცარიულ მინიშნებას“, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებად, როცა ქალაქში აღმოჩნდებით.
ფონდიუ – შვეიცარული სამზარეულოს ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ფონდიუს დაგემოვნება ყველაზე გემრიელად ბუნებაში, ალპურ სოფელში შეიძლება, თუმცა გასტრონომიულ სიამოვნების მიღება ციურიხშიც თავისუფლად შეიძლება, მთავარია მოერიდოთ „ტურისტულ რესტორნებს“. ყველაზე მარტივი ვარიანტის – ყველის კლასიკური ფონდიუს მირთმევა, ცნობილი რესტორნის Walliser Keller-ის წინ მოწყობილ წითელ კაბინებში შეიძლება, სადაც მართალია, საკმაოდ სოლიდური პორციით გაგიმასპინძლდებიან, მაგრამ თუ ძალიან მოშიებული ხართ, ფონდიუს შაშხით მოგართმევენ, რომელიც ბევრად კალორიული, მაგრამ ძალიან გემრიელია.
ფუნიკულიორი Polybahn – ციურიხში ფუნიკულორი არა უბრალოდ ტურისტული ატრაქციონი, არამედ ნამდვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივები და განსაკუთრებით სტუდენტები, რადგან სწორედ საბაგიროთი ადიან ციურიხის უნივერსიტეტთან, საიდანაც ქალაქის შესანიშნავი ხედები იშლება, სტუდენტურ კაფეში კი, უგემრიელესი ყავა, ჰოთ-დოგი და სწრაფი კვების სხვა „შედევრი“ იყიდება საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.
მარკ შაგალის ვიტრაჟები – ცნობილი მხატვრის ვიტრაჟების ნახვა ფრაუმიუნსტერის პროტესტანტულ ეკლესიაში შეიძლება, რომელიც ციურიხის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ეკლესიაში შესვლა 5 შვეიცარული ფრანკი ღირს, რაც აუდიოგიდს ან ბროშურას ითვალისწინებს ძირითადი ინფორმაციით. მართალია, ფოტოს გადაღება ტაძარში აკრძალულია, მაგრამ ულამაზესი ვიტრაჟების დათვარიელებაში ხელს არავინ შეგიშლით.
ლინდენჰოფის გორაკი – სწორედ გორაკზე იღებს სათავეს ქალაქის ისტორია, რომელმაც შვეიცარია მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად აქცია. გორაკი, საიდანაც არაჩვეულებრივ ურბანისტულ ხედთან ერთად, ალპებიც კარგად ჩანს ჰორიზონტზე, ადგილობრივებს და ტურისტებს სეზონური ჭადრაკის ტურნირით, ფესტივალებით და მუსიკალური ღონისძიებებით მასპინძლობს.
ბანჰოფშტრასე – თავისი მდიდრული ბუტიკებით და ძვირადღირებული ავტომობილებით, ნებისმიერი ბრენდის საათების მაღაზიებითა და მრავალრიცხოვანი კაფეებით, ბანჰოფშტრასე მართლაც ციურიხის გულია, ამიტომ ყველაზე უკეთ სწორედ აქ იგრძნობთ როგორ ცხოვრობს, ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი.
ყველი და შოკოლადი – შვეიცარიელებმა კარგად იციან ნამდვილი ყველის, შოკოლადის ფასი და სწორედ ამიტომაა მათი ნაწარმი საუკეთესო. თუ ქალაქის ცენტრში ვერ შეძელით უგემრიელესი პროდუქტის დაგემოვნება, მაშინ აეროპორტის ცნობილ მაღაზიებში Migros და Coop შეიარეთ, თავადაც ისიამოვნეთ და მეგობრებისთვისაც შეიძინეთ.