LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივნისს თბილისში BMW Fest 2016 ჩატარდება

13

BMW-ს მე-5 საერთაშორისო ფესტივალი, იგივე BMW Fest 2016 – 5 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: BMW Club Georgia, საქართველოს დრიფტისა და დრაგის ფედერაცია და Georgian Drift Series. ფესტივალთან დაკავშირებით “ავტორადიო” BMW Club Georgia-ს დამფუძნებელს, გიგი ტუღუშს დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

– ბატონო გიგი, რომელი საათისთვის და სად იგეგმება ღონისძიების სტარტი და რამდენ მონაწილეს ელოდებით 2016 წლის ფესტივალზე?

– თერთმეტი საათისთვის, აღმაშენებლის ხეივანში იგეგმება ჩვენი აქტივობების სტარტი. იმედი გვაქვს 600-მდე მონაწილე ჩაერთვება და ქალაქში ამ რაოდენობის ერთი ბრენდის ავტომობილის გავლის ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდება. 12:00 საათზე ავტოდრომია, რის შემდეგაც დრაგის ჩემპიონატია ყველაზე სწრაფი ავტომობილის გამოსავლენად, რომელიც ასევე ავტოდრომზე გაიმართება.

– ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი?

– კოლონაში მხოლოდ BMW-ს შეუძლია მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ფესტივალში მონაწილეობას, ეს უკვე ნებისმიერ ბრენდს შეუძლია, დასწრება კი ნებისმიერ მსურველს, რომელიც ბილეთს შეიძენს.

– რამდენი ხანია, რაც ფესტივალს მართავთ და რა მოლოდინები გაქვთ წელს?

– ფესტივალს ყოველწლიურად ვმართავთ, წელს უკვე მეხუთეა. რეალურად, ჩვენ მოვიგონეთ და საკუთარი ინიციატივით ვაკეთებთ ყველაფერს, არანაირი კავშირი არ აქვს BMW-ს ცენტრთან, არც რაიმე ორგანიზაციასთან. მოლოდინებს რაც შეეხება, დრაგი არ გვქონია წინა წელს და ახლა ტარდება. შესაბამისად მოლოდინები უფრო დიდია.

– რა არის ძირითადი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეიძლება, რომ მონაწილემ გაიმარჯვოს?

– რაც შეეხება წლის BMW-ს, ეს მთლიანად ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული, რომელი მანქანა მოეწონებათ 10 ავტომობილიდან. რაც შეეხება დრიფტსა და დრაგს, ეს უკვე სპორტული ღონისძიებაა და წესების მიხედვით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.

– პრიზების შესახებ რა შეგიძლიათ გვითხრათ?

– დრაგში ფულადი პრიზებია, დრიფტში კი სპონსორებისა და პარტნიორების მიერაა დაწესებული სხვადასხვა სახის პრიზები.

– სტუმრებს თუ ელოდებით?

– სტუმრებს ველოდებით უკრაინიდან, მათ საკმაოდ დიდი BMW კლუბი აქვთ. ჩამოდის აზერბაიჯანის კლუბი, სტუმრებს სომხეთიდანაც ველოდებით, სამწუხაროდ, რუსეთიდან სავარაუდოდ ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ.

BMW Fest 2016-ის მსვლელობა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე საპატრულო პოლიციის სრული მხარდაჭერით ეწყობა. ღონისძიების ორგანიზატორები მოუწოდებენ BMW-ს მძღოლებს, ასევე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ავტოკლუბებს, 11:00 საათზე, საკუთარ ავტომანქანებთან ერთად აღმაშენებლის ხეივანში (სასოფლო უნივერსიტეტთან) შეიკრიბონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები