„იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
ყოფილ პატიმართა, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების, №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თეა წულუკიანმა და „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აფხაზეთი“ ყოფილ პატიმარებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ტატუს უსასყიდლოდ მოაშორებს
თეა წულუკიანის განცხადებით, ამისთვის 48 ათას ლარი გამოიყოფა და ტატუს მოშორებას 60 პატიმრი შეძლებს. მინისტრი პატიმრებს მოუწოდებს არ დაიზიანონ კანი, რადგან ტატუს მოშორება ძალიან რთულია.
” გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით არასრულწლოვნები ახალ-ახალ მეთოდებს იგონებენ ტატუს კუსტარულად გასაკეთებლად, მისი ამოშლა უფრო და უფრო რთული და ძვირი ხდება. მე მათ მოვუწოდებ, არ დაიზიანონ კანი, რადგან შემდეგ მისი მოშორება ძალიან რთულია, 48 ათას ლარად ჩვენ მხოლოდ 60 პატიმრისათვის შევძლებთ ტატუს მოშორებას. რეაბილიტაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2013 წლიდან ჩვენ 130 პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი, “ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მათ უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულნი, განიცდიან დისკომფორტს. სწორედ ამის გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2013 წლიდან საგრანტო პროგრამის საშუალებით სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს ტატუს მოცილების უფასო სერვისს სთავაზობს. ამ ხნის განმავლობაში სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა (65 არასრულწლოვანი, 58 სრულწლოვანი) ისარგებლა.
წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.