შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ბიზნესსექტორისთვის 40-საათიან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. ბექა ფერაძის თქმით, 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, თანამშრომლებს გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ.
„ნებისმიერ ბიზნესს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ 40-საათიანი სამუშაო დროის ნორმა დაწესდებოდა. რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. ჩვენ ბიზნესს ადაპტირების საშუალებას ვაძლევთ. სპეციფიკური სამსახურებისთვის, ჩვენ არ ვკრძალავთ, რომ თანამშრომელმა 40 საათზე მეტხანს იმუშაოს. თუ კონკრეტულ სექტორში სამუშაო 40 საათზე მეტია, თანამშრომელს გაზრდილი ოდენობით ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. დანარჩენი, კონკრეტული ორგანიზაციების გადასაწყვეტი საკადრო პოლიტიკაა, თუ რამდენად ჰყოფნის მას რესურსი. 40 საათზე მეტხანს მუშაობის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვესმის დასაქმებულთა ეკონომიკური ინტერესიც. მათ, შეიძლება, მეტი მუშაობით მეტის გამომუშავება სურდეთ. ჩვენ ამას ვეთანხმებით, თუმცა ეს მხარეთა შორის შეთანხმებით უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
"თუ ზეგანაკვეთური შრომა უწევს ამა თუ იმ დასაქმებულს, ზეგანაკვეთური ტარიფით უნდა ანაზღაურდეს" - შრომის ინსპექცია დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის მექანიზმებს გამოიყენებს
შრომის ინსპექციის სამსახური კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ობიექტების ინსპექტირება სხვადასხვა პერიოდულობით მოხდება.
„სხვადასხვა სექტორში შრომის უფლებების დარღვევის საფრთხე განსხვავებულია. სამშენებლო სექტორში, შესაძლებელია, საფრთხე უფრო მაღალი იყოს, თუმცა მომსახურების სფეროში, შედარებით, ნაკლები. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების სექტორში საფრთხე საერთოდ არ არსებობს. მომსახურების სექტორში ინციდენტები საკმაოდ გაზრდილია. სხვადასხვა სექტორში დარღვევებთან დაკავშირებული რიცხობრივი რაოდენობის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობით, შევთანხმდეთ, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ობიექტების ინსპექტირება. მაგალითად, სამშენებლო სექტორში არანაკლებ ათი დღის განმავლობაში უნდა ფასდებოდეს რისკები. რაც შეეხება მომსახურების სფეროს, ინსპექტირების პერიოდი ოთხიდან ექვს თვემდეა განსაზღვრული. ხაზს ვუსვამ იმას, რომ თუ კონკრეტულ სექტორში დარღვევის რისკი მეტია, უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობა ამ მიმართულებით მეტი იქნება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.