5 წლის გოგონა ასთმის შეტევით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ექიმმა ბავშვის მიღებაზე უარი განაცხადა. გოგონამ და დედამ ბრიტანეთში, ნიუპორტში მდებარე კლინიკაში მისვლა რამდენიმე წუთით დააგვიანეს, ამის გამო ექიმმა ჯოან როუმ გოგონა კაბინეტში გასასინჯად არ მიიღო, შემთხვევა იანვარში მოხდა.
„ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ელი-მეი კლარკი სკოლიდან სახლში გაუშვეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ბავშვის დედამ ექიმთან შეხვედრა 5 საათზე დანიშნა, თუმცა კლინიკაში მისვლა ზუსტად 4 წუთით დააგვიანა. კიდევ 4 წუთი დასჭირდა ავადმყოფობის ისტორიის მოძიებას. დაგვიანების გამო ექიმმა როუმ ბავშვი არ გასინჯა.
„მისი გადაწყვეტილება ჩემი შვილის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა,“ – ამბობს ელი-მეის დედა.
გოგონა გარდაცვალებამდე ამავე კლინიკაში ასთმის გამო ბევრჯერ იმყოფებოდა. რამდენიმე თვით ადრე კი ექიმ როუს მისმა კოლეგამ მისწერა, რომ ბავშვი იყო მაღალი რისკის მქონე პაციენტი, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში ასთმა ჰქონდა.
მომხდარიდან 1 თვე გავიდა, ყველაფრის მიუხედავად, ჯოან როუ კვლავ ექიმად მუშაობს. კლარკებმა მის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ სარჩელი შეიტანეს.
„განადგურებულები ვართ. ექიმი როუ ციხეში უნდა ჩასვან იმის გამო, რაც გააკეთა. ვერ ვიჯერებ, რომ ის ჯერ არ დასჯილა,“ – ამბობს ელი-მეის დედა.