„საპოლიციო გამოსახლების გაუქმება პოპულისტური ნაბიჯი იყო და მოხდა ურჩი გადამხდელების წახალისება. საპოლიციო მექანიზმის არსებობის შემთხვევაში, ვერც უცხოელი და ვერც ქართველი დამქირავებელი ბოროტად ვერ გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას“, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში იურისტმა ნუგზარ ტატიშვილმა განაცხადა.
ის გამქირავებლებს რამდენიმე რჩევასაც აძლევს, რომლითაც რისკებს დააზღვევენ. „ბინის გაქირავების დროს: უნდა გაფორმდეს ქირავნობის ხელშეკრულება; გამქირავებელმა უნდა გამოიყენოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი – ფაქტების კონსტატაცია, რაც გაქირავებამდე უძრავი ქონების დასურათებას და აღწერას ითვალისწინებს; ხელშეკრულებაში უნდა იქნეს გათვალისწინებული პოტენციური დავა და გაკეთდეს ჩანაწერი, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიეცეს; დავის დაწყების შემთხვევაში, გამოსახლების მოთხოვნასთან ერთად, გამქირავებელმა უნდა მოითხოვოს მიუღებელი შემოსავლის, სასამართლო დავის პროცესში გაცდენილი პერიოდის ანაზღაურების დაკისრება დამქირავებლისთვის“, – ამბობს იურისტი „პალიტრანიუსის“ ეთერში.
აღსანიშნავია, რომ საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა, მას შემდეგ შეიძინა, რაც რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, რუსეთი და ბელარუსი არაერთმა მოქალაქემ დატოვა. მათმა ნაწილმა კი საცხოვრებლად საქართველო აირჩია და ბინაც აქ იქირავა.