ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა ჩაფიძის მეუღლე, ნინო მეფარიშვილი, რომელიც ამავდროულად მისი ადვოკატია ამბობს, რომ დაზიანება მუცლის არესა და ხელებზე აღენიშნება.
მისი თქმით, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან მას ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს და საავადმყოფოში არ გადაჰყვათ.
პატიმრის მეუღლე დახმრებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით იხდის. ადვოკატის თქმით, პატიმარი უდანაშაულოა და მას სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული ბრალდება.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 საპატიმროში მოთავსებული ბრალდებულის მეუღლის ინფორმაცია, თითქოს პატიმარს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, სიცრუეა. როგორც სასჯელაღსრულების უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სინამდვილეში ბრალდებულს, მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.