LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

35 530 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

131

35 530 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ”საზოგადოება და ბანკები” ავრცელებს.

ორგანიზაციამ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 35530 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7,25%-მდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1648,5 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

”საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4007-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 1491,9 მილიონიდან 1648,5 მილიონ ლარამდე. მათივე ცნობით, 35530 ხელშეკრულებიდან 15206 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 211,6 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ელი ნოემბრისთვის 14.3% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, 14,098 სესხია მიბმული, საშუალოდ 11%-ში. მთლიანი პორტფელი კი 585,8 მილიონი ლარია.

მათივე ინფორმაციით, 4006 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნესსესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 805,57 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 204,0 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,7%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ელი ნოემბრის მონაცემებით 601,1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,6%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ელი ნოემბრის მონაცემებით 284 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4,871 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,99%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 1936 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 40,6 მილიონი ლარია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 19,25%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 928 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5%-დან 11.9%-მდე შემცირდა.

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, სასესხო ხელშეკრულებები 12%-ით გაიზარდა წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საიდანაც ძირითადი ზრდა შეიმჩნევა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 10.5%-ითაა გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები