ახალგაზრდა მცირე მეწარმემ – დარეჯან ინასარიძემ ახალციხეში პირველი კერძო ბაგა-ბაღი გახსნა და იქ მცხოვრებ დედებს პროფესიულ თვითრეალიზებაში დაეხმარა.
სააგეტნოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორნაციით, 32 წლის პროფესიით პედაგოგი დარეჯან ინასარიძე, თბილისში ერთ-ერთ სკოლაში მუშაობდა. 2 წლის წინ ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ახალციხეში გადავიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში კერძო ბაგა-ბაღი არ არსებობდა, გადაწყვიტა თავად გაეხსნა.
დარეჯანმა მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეა წარადგინა და გამარჯვების შემდეგ, საკუთარი ბიზნესის წამოწყება და საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვა შეძლო.
„ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის არის ყველაფერი, მათი ერთი ღიმილი და ერთი ფრაზაც კი, რომ „დაჯი მოვიდა“ – ჩემთვის ნიშნავს ყველაფერს. მე 18 წლიდან ვმუშაობ პედაგოგად. ვცხოვრობდი თბილისში, ვმუშაობდი ერთ-ერთ სკოლაში, ოჯახური პირობების გამო კი, მოგვიწია ახალციხეში საცხოვრებლად გადმოსვლა. როდესაც გადმოვედით აქ, მე უნდა მემუშავა, ჩემი შვილები კი იყვნენ ძალიან პატარები… ამიტომ, როდესაც სამსახურში გავედი, ბავშვებიც გვერდით მყავდა. ჩემ გარშემოც ბევრი საუბრობდა ანალოგიურ პრობლემაზე, რომ ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვები და ამის გამო, ვერ გადიოდნენ სამსახურში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე გამეკეთებინა კერძო ბაგა-ბაღი“, – ამბობს დარეჯან ინასარიძე.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ბაღში ირიცხება 25 აღსაზრდელი. დასაქმებულია 6 ადამიანი.
„ბაღის გახსნით გარდა იმისა რომ ავიხდინე ჩემი ოცნება, დავეხმარე იმ დედებს, რომლებსაც თვითრეალიზაცია უნდოდათ, დავანგრიე ის სტერეოტიპი რომ ქალი უნდა იჯდეს სახლში, სანამ ბავშვი არ მიაღწევს გარკვეულ ასაკს“, – დასძენს მცირე მეწარმე.