საქართველო ისე ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, როგორიც 1989 წლის 9 აპრილს იყო, არასდროს ყოფილა.
ქართველი ერის სიძლიერე რუსთაველის მოედანზე მთელი თავისი სიდიადით გამოჩნდა.
ცხრა აპრილის ღამიდან ყველაზე სიმბოლური კადრი, ალბათ, გაბრაზებული მომიტინგის საქციელია, როდესაც ის ტანკის შეჩერებას უჩვეულო გზით, დროშის ტარის დარტყმით ცდილობს.
1989 წლის 9 აპრილს ყველას გვინდოდა დამოუკიდებელი,ერთიანი და თავისუფალი საქართველო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თავისუფლებაში ცხოვრება ადვილი არაა.
ამ წლების განმავლობაში დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ჯერჯერობით, ვერ ვიპოვეთ მათი დაბრუნების გზები.
რა შეგვეშალა დამოუკიდებლობის გზაზე. რატომ ვერ ავისრულეთ 9 აპრილის ოცნებები. დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემით შესაძლოა, პრობლემემის მოგვარების გზებიც ვიპოვოთ.
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არასწორად იმიტომ განვითარდა, რომ პირველმა პირებმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.
„32 წელი თავისუფლების გზით ვიარეთ, თავისუფლები ვართ და თუ ვინმეს რამე არ მოეწონება, დააბრალოს ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს, ვინც მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე.
ზვიად გამსახურდია დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ეს გზა ია-ვარდით მოფენილი არ იყო. განცხადებები, რომ საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა, არაა მართალი. ჰკითხეთ ამ იდეის ავტორებს, თავისით როგორ დაიშლებოდა იმპერია. თავისუფლებისთვის ბრძოლა მარტივი არასდროს არაა. ვინც ამას ამბობს, ისინი დღემდე „საბჭოთა ლაგერებში“ კმაყოფილები იქნებოდნენ, როგორც შინაური ფრინველები, რომლებიც კმაყოფილები არიან, როდესაც საჭმელს დაუყრიან. ამის ნაკლებად შეფასება, სამწუხაროდ არ შემიძლია“. – ამბობს აკაკი ასათიანი „ფორტუნასთან“ საუბარში.
1989 წელს მიტინგებში აქტიურად მონაწილეობდა იურისტი ლევან ალაფიშვილი. ის საუბრისას აღნიშნავს, რომ ბევრი რამ ვერ გავითვალისწინეთ და შედეგმაც არ დააყოვნა.
„სამწუხაროდ ბევრი რამ ვერ გავითვალისწინეთ. რისთვის ვიყავით იქ, რას ვაკეთებდით. შესაბამისად ბევრი იმდროინდელი პრობლემა გადაუწყვეტელია.
მაშინ სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და ჩემი საყვარელი პროფესიის გზას ვიყავი შემდგარი. ვაცნობიერებდი მხოლოდ ერთ რამეს, რომ ვცვლიდით ცხოვრების წესს. ტოტალიტარული რეჟიმიდან უნდა შეგვექმნა დამოუკიდებელი, ჩვენი სახელმწიფო, სადაც წარვმართავდით ისეთ ცხოვრებას, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა და არა როგორც მოსკოვში გადაგვიწყვეტდნენ“. – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ლევან ალაფიშვილი.
საბჭოთა კავშირის დაშლაში გაღებული მსხვერპლი
„გეოპოლიტიკურად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ღვაწლსა და მსხვერპლს, რაც საქართველომ გაიღო. ბალტიისპირეთში იმ თაობის მოქალაქეები, დღესაც მადლობას უხდიან ქართველებს და ამბობენ, რომ თქვენ თქვენი თავგანწირვით და სისხლით გაგვიკვალეთ გზა თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენო.
ჩვენ შევძელით ტოტალიტარიზმის დანგრევა, უბრალოდ ჩვენ ვერ შევძელით სახელმწიფოს აშენება. ცხრა აპრილის შემდეგ პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვერ იშვა ჩვენში. ჩვენ მოგვწონს, როდესაც პასუხისმგებლობას ერთ პირზე ვკიდებთ. ბელადებს ვეძებთ. ეს საბჭოთა გადმონაშთია, რომელსაც ვანგრევდით…
საიმედო მხოლოდ ისაა, პასუხისმგებლიანი თაობა მოდის, ისინი ჩვენგან განსხვავებულები არიან“. – ამბობს ალაფიშვილი.
დაიშლებოდა თუ არა საბჭოთა კავშირი, რომ არა 9 აპრილი
„მსმენია, მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირი ცხრა აპრილის მსხვერპლის გარეშეც დაიშლებოდა. მაგრამ არის ფაქტები, რომელიც შეიძლება დაუპირისპირო ამ ლოგიკას. ვნახეთ, როგორ დაიშალა და რა მოჰყვა მის დაშლას. საბჭოთა კავშირის არა დაშლა, არამედ განსაზღვრული მოდერნიზაცია იყო მოსკოვში დაგეგმილი. ვნახეთ, “ესენგეს” დაშლა და ყველა ძალით და ყველა მეთოდით იძულება (მათ შორის აფხაზეთში ნაღმის აფეთქებით), რომ ესენგეს წევრი გავმხდარიყავით. საქართველო ყველაზე ბოლოს შეუერთდა ესენგეს. იმპერიული მმართველობით გაჟღენთილმა რუსეთმა მონახა გამოსავალი. ძალიან გულუბრყვილო მგონია ყველანაირი მსჯელობა, რომ იმ დროს შეიძლება „ვიჩქარეთ“ და საბჭოთა კავშირი მაინც დაიშლებოდა. არ მოხდებოდა ასეთი პოლიტიკური ტექტონიკური ძვრა. გარდაქმნა როგორი იქნებოდა, არავინ არ ვიცით, ამაზე ახლა ლაპარაკსაც არ აქვს აზრი“. – განმარტავს ალაფიშვილი.
რატომ ვერ გაიდო აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ხიდები
„ხელისუფლებაში როცა ვიყავით აფხაზეთთან კომპრომისულ წინადადება გვქონდა. მივაღწიეთ იმას, რომ იქ შენარჩუნდა მშვიდობა. სამწუხაროდ ცხინვალის მაშინდელი ლიდერები კრემლის პირდაპირი კარნახით მოქმედებდნენ და მეოთხედი ტერიტორია კონტროლდებოდა. ახლა რა უნდა გააკეთონ? მე ვერ ვხედავ ისეთ პოლიტიკოსსს, ვერც ერთ ბანაკში, რომელსაც რაიმე ჭკვიანურს ურჩევ და მიხვედებიან და რამეს გააკეთებენ. ისინი ჩართულები არიან მედიაციურ კამპანიაში და მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს, თუ არა. ამ დონეზე დავიდა ქვეყანა, ამიტომ ნურავის ნუ უკვირს, ასეთ დღეში რომ ვარ. ვინც ამ ორ პარტიაზე აკეთებს „სტავკას“, ნუ უკვირს, რომ ასეთი მდგომარეობა გვაქვს.
ძალიან ბევრი ბერკეტია აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან მისასვლელი, ოღონდ ყველა მათგანი გამოუყენებელია და არ ჩანს არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში ადამიანი, რომელსაც ეს სურვილი აქვს“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში აკაკი ასათიანი.
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების გზაზე დომინანტი არის რუსეთის იმპერიული ზრახვები, რომელიც სხვას მის გზაზე ვერ იტანს, რუსული იმპერიული პოლიტიკის არსი რა არის? მის ირგვლივ გაერთიანებული ყველა სუბიექტი, სახელმწიფო იქნება, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, თუ აღიარებული ერი, გამოიყენოს და შემდეგ გაანადგუროს, რაც ხდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში – ერის ეგზიტენციალური პრობლემა. რუსული იმპერიული პოლიტიკა ასე ყოფილა და ასე არის. იმედი მაქვს, რომ დემოკრატიული ქვეყნები ამ სენს რამენაირად გაუმკლავდება“. – ამბობს ალაფიშვილი.
რატომ ვერ ვისწავლეთ თავისუფლება
1990-1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ თავისუფლების გზაზე შეცდომა ყველამ დაუშვა.
„ჩემი სუბიექტური განცდით საქართველოს ბოლო ასწლიან ისტორიაში 9 აპრილი ყველაზე ტრაგიკული და თან დიადი დღე იყო. ფაქტობრივად რუსეთთან ვიომეთ. პირველად მაშინ წარმოიშვა სიტყვა – საქართველოს დამოუკიდებლობა.
რატომ ვერ ვისწავლეთ თავისუფლება?
მონობაში ცხოვრება, სხეულში შეყვანილი შხამივითაა, რომელიც ნელა გამოდის ორგანიზმიდან. 32 წლის განმავლობაში შეცდომები ძალიან ბევრი გვქონდა. შეცდომა ყველა პრეზიდენტმა დაუშვა, მაგრამ ის ძირითადი ღერძი, რაც იყო ცხრა აპრილს – თავისუფლება, მაინც მყარად არის ყველა ჩვენგანში.
სამწუხაროდ საქართველოში არის კრემლოფობია, რუსოფობია და პუტინოფობია. ხან გავრილოვი გამომიგზავნეს და ხან პოზნერი. გგონიათ, არ იცოდნენ ვის აგზავნიდნენ? მთელი 50 კაციანი დესანტი გადმოსხეს. შედეგმაც არ დააყოვნა“, – ამბობს გოგი ხოშტარია „ფორტუნასთან“.
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დასაბრუნებელი გზა
„აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად მათ მინიმუმ უნდა დაელაპარაკო. ჟენევაში გაუთავებლად ვლაპარაკობთ, მაგრამ უშედეგოდ. მინიმუმ კონტაქტია აუცილებელი.
აფხაზები ამბობენ, რომ დავილაპარაკოთო და ელაპარაკება ვინმე?
პრეზიდენტად აირჩიეს ასლან ბჟანია, რომელიც მანამდე ამბობდა, დავილაპარაკოთო. მერე მოწამლეს, კინაღამ მოკვდა, მაინც აირჩია ხალხმა ის პრეზიდენტად. ე.ი. განწყობა არის ფაქტობრივად ხელისუფლებაშიც და ხალხშიც. რომ არ იყოს ეს განწყობა, ხომ არ აირჩევდნენ ბჟანიას? დასკვნები თქვენ გამოიტანეთ“. – ამბობს აკაკი ასათიანი.
წელს რუსთაველზე ცხრა აპრილს კვლავ ბევრი ტიტა იქნება. ხელისუფლების წარმომადგენლებიც და მოქალაქეებიც აანთებენ სანთელს ცხრა აპრილის დაუსრულებელ ძეგლთან.
საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სიმბოლო, ხორბლის თავთავები კი პარლამენტის შენობის ფასადს ძველებურად ამშვენებს და თითქოს გვეუბნება, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია…