სამხრეთ კორეელმა უფლებადამცველებმა ჩრდილოეთ კორეაში 310 პოლიგონი აღმოაჩინეს, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. ამ დასკვნამდე კი ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეული ასობით მოქალაქეების მონაყოლზე დაყრდნობით მივიდნენ. კერძოდ, უფლებადამცველებმა 4 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ 610 ადამიანთან ჩაატარეს ინტერვიუ. ამის შესახებ BBC წერს.
ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეაში მოქალაქეებს ისეთი დანაშაულისთვისაც კი სჯიდნენ სიკვდილით, როგორიც არის ძროხის მოპარვა ან სამხრეთ კორეის ტელევიზიის გადაცემის ნახვა.
მათივე ცნობით, საჯაროდ სიკვდილით დასჯა ყველაზე ხშირად მდინარის სიახლოვეს, ან გაშლილ მინდორზე, ასევე ბაზარში, სკოლასა და სტადიონზე ხდება.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, რეჟიმისთვის არასასურველ ადამიანებს ყველაზე ხშირად საჯარო დახვრეტა ემუქრებათ, თუმცა არის საჯაროდ ჩამოხრჩობის შემთხვევებიც.
ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში ხშირად ხვდება, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ფაქტების დადასტურება ძალიან რთულია.
უფლებადამცველი ორგანიზაციის წევრების განმარტებით, სიკვდილით დასჯის სანახავად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში 1000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება. როგორც წესი, პროცესს აუცილებლად უნდა დაესწრონ იმ ადამიანის ოჯახის წევრები, რომლებსაც სიკვდილით სჯიან.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ როგორც წესი, ოჯახის წევრებს მოკლული ადამიანის ცხედარს არ უბრუნებენ და არც მისი დაკრძალვის ადგილს ატყობინებენ.