„იცოდით, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი სატელევიზიო პროექტების სავაჭრო ნიშნები (ბრენდები) საქართველოში, საქპატენტშიც აქვს დარეგისტრირებული?” – ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“სერიალ Слуга Народа-ს სავაჭრო ნიშანი პრეზიდენტობის პერიოდში დაარეგისტრირა. როგორც ჩანს, ზელენსკის მისი პროექტების საქართველოში განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, პრინციპში, ომი უკრაინის გამარჯვებით რომ დასრულდება, ამის დრო მერე აუცილებლად იქნება“. – წერს გიორგი კეპულაძე.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე იძებნება ის სავაჭრო ნიშნები, რომლის დარეგისტრირებაც უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოში გადაწყვიტა. ესენია – Слуга Народа, 95-й Квартал და Лига Смеха.
აღსანიშნავია, რომ “ხალხის მსახურის” რეგისტრაციის თარიღად მითითებულია მიმდინარე წლის 28 მარტი, თუმცა, როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, განაცხადი ბრენდის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, უწყებაში 2021 წლის 9 აპრილს შევიდა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას საქპატენტთან ცდილობს და ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.