სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიამწარმოებლებისთვის იმ რეკომენდაციებსა და ძირითად მოთხოვნებს ავრცელებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითაა დადგენილი.
გაფრენის/მოფრენის ტერმინალში (დარბაზში):
გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებში (დარბაზებში) მომსახურე პერსონალი დაიშვება მხოლოდ დამცავი ნიღბით. ავიასაწარმოებმა უნდა უზრუნველყონ მომსახურე პერსონალის აღჭურვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღბები 4 საათიანი ინტერვალით, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი);
უზრუნველყავით ნაკადების კონტროლი და უსაფრთხო დისტანციის მარკირება, აგრეთვე, სკამების ნაწილის ანულირება უსაფრთხო დისტანციის დაცვის მიზნით;
ვირუსზე საეჭვო, ან სავარაუდო პირთა იზოლირებისთვის, უზრუნველყავით სპეციალური ოთახების გამოყოფა;
პერიოდულად უზრუნველყავით მგზავრთა მომსახურების არეების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების (ესკალატორის სახელურების, მოაჯირების, საბანკო ტერმინალების, ღილაკების და ა.შ)
დასუფთავება/დეზინფექცია;
რეგურალურად უზრუნველყავით პრევენციული ღონისძიებების შესახებ მგზავრთა ინფორმირება ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენებით;
მგზავრთა პასპორტისა და ბარგის შესამოწმებელი ადგილები აღჭურვეთ კოლექტიური დაცვის საშუალებებით, დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
მგზავრების მომსახურების არეებში უზრუნველყავით სადეზინფექციო საშუალებების განთავსება;
უზრუნველყავით დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ბუნებრივი ვენტილაცია, გამოიყენეთ ხელოვნული ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი (ფილტრების დაბინძურების მონიტორინგის ჩათვლით) მის გამართულ მუშაობაზე;
განსაზღვრეთ გამცილებლების/ დამხვედრების თავშეყრის ადგილები და ზონები შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებით (პარკინგი, ტერმინალის გარე ტერიტორია).
საჰაერო ხომალდზე:
საჰაერო ხომალდზე ეკიპაჟის წევრები დაიშვებიან ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). შეცვალეთ უნიფორმა ყოველდღიურად. იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;
უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია(ოჯახის წევრების გარდა);
განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში და / ან ვიდეო ინფო მასალაში;
ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და სწორად განკარგვის შესახებ;
მინიმუმამდე შეამცირეთ მგზავრებთან კონტაქტი;
მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;
საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში;
3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების მიწოდების სერვისი;
მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;
უზრუნველყავით მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება;
სოციალური დისტანციის შენარჩუნების მიზნით, უზრუნველყავით მგზავრთა გადაადგილების მართვა თვითმფრინავში ჩასხდომის / თვითმფრინავიდან გადმოსვლის დროს;
უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება;
იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედეთ მითითებების შესაბამისად. უზრუნველყავით მგზავრის იზოლირება და მისი მეთვალყურეობა/დახმარება პროტოკოლის შესაბამისად;
ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდება ტესტირება და გადავა თვითიზოლაციაში/კარანტინში;
ყოველი რეისის შემდეგ მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება.
რეკომენდაციები შემუშავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით. სხვა სახელმწიფოებთან ჰარმონიზირებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა ევროპოს საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მასალები. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში კონსულტაციები გაიმართა ასევე ავიასაწარმოებთან.
რეკომენდაციები შესაძლოა შეიცვალოს/განახლდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისათვის დადგენილი რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3dFui5I