„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ციხეში ჭამს და სვამს და მთელი ციხე ამაზე ლაპარაკობს“. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, „სამი ლიტრი ლიმონათი, რომ დალიოს, თვითონაც ცუდად გახდება“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განმარტებით, „სააკაშვილი თავისი ნებით, უსაფუძვლოდ შიმშილობს, საბაბიც არ აქვს“ და ეს ისეა აღქმული „თითქოს სხვა კლავს“. კობახიძე სააკაშვილს შიმშილობის დასრულებისკენ მოუწოდებს.
“მე ვიცი, რომ ეს კაცი სვამს და ჭამს, ამაზე მთელი ციხე ლაპარაკობს…სამი ლიტრი ლიმონათი რომ დავლიო, მეც გავხდები ცუდად. სამი ლიტრი ლიმონათი უნდა კაცს და სვამს, ვერაფერს ვერ უზამ, ესეც პატიმრის უფლებაა. კაცი თავის ნებით შიმშილობს ყოვლად უსაფუძვლოდ, საბაბიც კი არ აქვს ამისთვის და თურმე სხვა კლავს. შეწყვიტოს შიმშილობა და დასრულდება ყველაფერი”, – განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას შიმშილობასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ „ვიღაც ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რათა სააკაშვილმა არ იშიმშილოს, რაც სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია“.
„როცა ვიღაცა შიმშილობს პოლიტიკური მოტივით, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მოთხოვნა, რაღაც ობიექტური მოთხოვნა უნდა ჰქონდეს. ვერავინ ვერ აყენებს თავის მოთხოვნას, არის აბსტრაქცია. სააკაშვილი ვერაფერს ვერ ითხოვს, რა უნდა მოითხოვოს?! 4 ისეთი საქმეა, რაზეც მთელ საზოგადოებას აქვს ინფორმაცია. ყველაფერი საზოგადოების თვალწინ მოხდა. ამას ემატება კიდევ ორი ბრალი, რაც ასევე საზოგადოების თვალწინ მოხდა, ეს იყო 7 ნოემბრის დარბევა და ტელევიზიის მითვისება, რაც ამ 7 ნოემბერს მოჰყვა, ჯერ შეჭრა და მერე მოროდიორული მითვისება ტელეკომპანია იმედის. აქ ძალიან მარტივადაა ყველაფერი, ის დანაშაულები, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილს მსჯავრი აქვს შეფარდებული, საზოგადოების თვალწინ მოხდა. აქედან გამომდინარე არ აქვს მას არავითარი მოთხოვნის დაყენების საშუალება და საბაბიც კი და ვიღაც ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსი და კომიკური ჟანრია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.