წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები, რიყის დოქები და კინოთეატრი „საქართველო” – ეს იმ ცნობილი ობიექტების ჩამონათვალია, რომლებიც გასაყიდად უამრავჯერ გამოიტანეს, მაგრამ მაინც ვერ გაყიდეს. მიუხედავად ამ ნაგებობების დიდი პოპულარობისა, მათ მყიდველი ამ დრომდე არ გამოუჩნდა.
ერთ-ერთი ბოლო მცდელობა აღნიშნული 3 ობიექტის გაყიდვის, გასულ თვესაც იყო. მაგალითად, 5 მარტს გახდა ცნობილი, რომ რიყის დოქები განმეორებით აუქციონზე ისევ ვერ გაიყიდა. ობიექტის გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის 4 თებერვალს გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით რიყის დოქების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა.
მედიაში 10 მარტისთვის გავრცელდა ამბავი კინოთეატრი „საქართველოს” გაყიდვის შესახებაც. მისი გასაყიდი ფასი 2.4 მლნ დოლარია (8 მლნ ლარამდე). რაც შეეხება მფლობელს, “საქართველო” კომპანია შპს “მერიდიანი XXI“-ის საკუთრებაა. ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორმა“ გაავრცელა, რომელიც კომპანიის დირექტორს ნუგზარ გიგაურს ესაუბრა. როგორც გიგაურმა მაშინ აღნიშნა, იყიდება მთლიანად კომპანია, რომელიც კინოთეატრის შენობას ფლობს. „მყიდველს არ ექნება არანაირი ვალდებულება, მათ შორის არც იმისი, რომ შეინარჩუნოს პროფილი. რაც შეეხება ინტერესს, ბევრი რეკავს, ინტერესდება, თუმცა კონკრეტული არაფერია,“ – ამბობდა გიგაური.
სულ ბოლოს კი, რამდენიმე დღის წინ, 31 მარტს გახდა ცნობილი, რომ წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე გასაყიდად კიდევ გამოდის. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს აგარაკები აუქციონზე განახლებული ფორმით გავა. „წყნეთის ე.წ. სამთავრობო აგარაკები აუქციონზე ჩვენ ადრეც რამდენჯერმე გავიტანეთ. მაგრამ, შევისწავლეთ ბაზარი და დღეს განახლებული ფორმით გთავაზობთ. ეს იქნება ცალ-ცალკე აღებული ობიექტები, უფრო ფრაგმენტირებული“,- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.