LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 წლამდე იყავით დაკავებული სოფლის მეურნეობით, მერე მუშაობას იწყებთ სასამართლოს დარაჯად, ამის შემდეგ კი იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა – ეს ცოტა უცნაურია: ლევან იოსელიანი მოსამართლეობის კანდიდატს

284
იოსელიანი - მაკარიძე

„28 წლამდე იყავით დაკავებული სოფლის მეურნეობით, მერე მუშაობას იწყებთ სასამართლოს დარაჯად, ამის შემდეგ კი იწყება თქვენი შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა – ეს ცოტა უცნაურია“,- ამის კითხვით პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გენადი მაკარიძეს მიმართა.

იოსელიანის განცხადებით, „ცოტა უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და ასე მოკლე დროში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს იურისპრუდენციაში, განსაკუთრებით კი სასამართლოს კუთხით“.

„რამდენადაც მე გადავხედე, თქვენი პირველადი არჩევანი იურისტობა არ ყოფილა, თქვენ ჯერ დაიწყეთ სწავლა ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის მიმართულებით და მერე გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით იურისტი. თქვენ საკმაოდ დიდი ხანი ისწავლეთ ნედლეულის გადამუშავების მიმართულებით და მერე გადახვედით უკვე სხვა უნივერსიტეტში. თქვენი პირველი სამსახური ფიქსირდება 2004 წელს, ამ დროს თქვენ იყავით 28 წლის. სოფლის მეურნეობით იყავით დაკავებული 28 წლამდე. აქამდე კი თქვენი პროფესიით რაიმე დამატებითი კვალიფიკაცია არ მიგიღიათ, მერე თქვენ იწყებთ მუშაობას ერთ-ერთი სასამართლოს დარაჯის თანამდებობაზე და მერე იწყება ძალიან შთამბეჭდავი თქვენი კარიერული წინსვლა და აქ ხართ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მობრძანებული. ჩემი აზრით, ეს ცოტა უცნაურია, როდესაც 28 წლამდე ადამიანი საერთოდ არ არის დაკავებული თვითგანვითარებით და ასე მოკლე დროში თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებს იურისპრუდენციისა, განსაკუთრებით სასამართლოს კუთხით,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს უსმენენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები