26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელიც სამი წლის განმავლობაში მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
“26 წლის ასაკში მძიმე სენისგან გარდაიცვალა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლუკა ალიბეგაშვილი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ებრძოდა მწვავე მიელოიდურ ლეიკემიას და მისგან გამოწვეულ პროცესებს.
ლუკა განსაკუთრებული ადამიანი იყო თავისი ცხოვრებით და ამ ხვედრმა კიდევ უფრო მეტად გამოარჩია. მან არა მხოლოდ ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, არამედ სრულიად უცხო ადამიანები გააერთიანა და უზარმაზარი სიკეთის სამყარო შექმნა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იზიარებს ამ დიდ ტკივილს და ამ უმძიმეს დღეებში თანადგომას უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ყველა მის გულშემატკივარს”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.