LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2500 ლარიანი ხელფასის 30%-ით დაბეგვრა – რამდენად განხორციელებადია უმრავლესობის დეპუტატის მოსაზრება

2 500 ლარის ზემოთ არსებული სახელფასო შემოსავლის 30%-ით დაბეგვრა – ეს მოსაზრება უმრავლესობის დეპუტატს, გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის. დეპუტატი განმარტავს, რომ თუ ხელფასი 3000 ლარი გაქვთ და დღეს მოქმედი კანონით 600 ლარით იბეგრებით, ამ წინადადების მიღების შემთხვევაში, ბიუჯეტში გადასახადის სახით 650 ლარს გადაიხდით. კერძოდ, მოქალაქე 2500 ლარიან შემოსავალზე კვლავ 20%-ით, დარჩენილ 500-ზე კი 30%-ით დაიბერგრება. აღნიშნულ წინადადებაზე გია ჟორჟოლიანმა “ფორტუნასთან” ისაუბრა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ამით ნახევარი მილიონი ლარის მობილიზებაა შესაძლებელია, საიდანაც 400 ათასი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, დარჩენილი 100 ათასი კი სკოლის, ბაღის და პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა ხელფასების გაზრდას უნდა მოხმარდეს. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 30%-ით მოსახლეობის მხოლოდ 9% დაიბეგრება, რადგან ამ ოდენობის შემოსავალი პროცენტულად მხოლოდ 9%-ს უფიქსირდება.

„აქედან შემოსავლები მიიღება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ჩვენი მოსაზრებით, ეს პირდაპირ უნდა წავიდეს რეგიონებში, ვთქვათ, წარმოების მხარდაჭერაზე 400 მილიონი ლარი. ეს იქნება გადამამუშავებელი წარმოების შექმნა მისთვის საჭირო ყველა ატრიბუტით, მექანიზაციით, ტექნოლოგიებით, განათლებით, სპეციალისტებით და ა.შ. მათ შორის საფინანსო რესურსითაც, შესაძლოა სუბსიდირებით, საბანკო წესით, მაგრამ გრძელვადიანი და პრაქტიკულად უპროცენტოდ. ამან უნდა უზრუნველყოს, როგორც ამ საწარმოებში ადამიანების დასაქმება, ასევე იმ ადამიანების შრომისნაყოფიერების ზრდა, რომლებიც აწარმოებენ პირველად ნედლეულს, ანუ დასაქმებაში სერიოზული გარღვევა უნდა მოხდეს, თან ეს არის ყოველ წელიწადს 400 მილიონი, ერთხელ კი არ არის. 100 მილიონი უნდა წავიდეს სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების და პროფესიული განათლების პედაგოგთა ხელფასებზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას დაახლოებით 100 ლარით გაიზარდოს მათი საბაზო ხელფასი.

ეს გამოიწვევს უთანასწორობის შემცირებას, დასაქმების ზრდით, პედაგოგთა ხელფასების გაზრდით, ეს უზრუნველყოფს შემოსავლების კიდევ უფრო გაზრდას ბიუჯეტში, რამდენადაც ეს ადამიანები ამ საწარმოებთან დაამყარებენ ურთიერთობას, მაგალითად, თვითდასაქმებულები სოფლად, ისინი შემოვლენ ფორმალურ ურთიერთობებში, მათი საქმიანობაც აღირიცხება და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს,“– ამბობს გია ჟორჟოლიანი.

დეპუტატის ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ, არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ მმართველ გუნდშიც. “ევროპულ საქართველოში” ჟორჟოლიანის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, რომელიც გადასახადების არა გაზრდით, არამედ შემცირებით არის შესაძლებელი.

“თვითონ მთავრობა საუბრობს იმაზე, რომ ადამიანების კერძო დანაზოგები უნდა გაიზარდოს, რომ გაიზარდოს მერე ინვესტირება ეკონომიკაში და გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. თუ სახელმწიფო მეტს წაართმევს ადამიანებს, თუნდაც, მაღალ შემოსავლიანებს, ეს ნიშნავს, რომ კერძო დანაზოგს ცოტას ტოვებს, მთავრობას თვითონ მიაქვს და კი ვხედავთ მერე ის როგორ უყაირათოდ ხარჯავს, ამიტომაც გვაქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ყველაზე მავნებლური იდეა, რაც კი მომისმენია „ქართული ოცნებისგან“ – აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობაში კი უმრავლესობის დეპუტატის მოსაზრებას უსამართლოს უწოდებენ და განმარტავვენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით აკრძალულია ყოველგვარი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის გარეშე.

“რაც შეეხება არის თუ არა ეს მიზანშეწონილი, რა თქმა უნდა არ არის, გაუმართლებელია და ზედმეტი საგადასახადო ტვირთია, რომელიც აეიკიდება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ 2500 ლარი ხელფასი და ამ შემოსავლის მესამედის წაღება ბიუჯეტში არის უსამართლობა,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი რომან გოცირიძე.

გია ჟორჟოლიანის მოსაზრებაზე რაიმე მსჯელობის დაწყებას კატეგორიულად გამორიცხავს უმრავლესობის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე.

„ასეთი ინიცატივა არ ყოფილა განხილული უმრავლესობის შიგნით, შესაბამისად მას უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს და ასეთი რამ არ იგეგმება. რაც შეეხება 2500 ლარს და შემოსავალს, რომელიც ამ დიაპაზონშია, ეს არის ჩვენი საზოგადოების საშუალო ფენა, რომელიც დღეს ქმნის ძირითად ეკონომიკურ დოვლათს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ადამიანებს არა თუ გადასახადების გაზრდა, არამედ ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ მათ ეკონომიკა კიდევ უფრო გააძლიერონ და მეტი დოვლათი შეიტანონ ოჯახებში. არა მხოლოდ მგონია, ამ ინიციატივას უმრავლესობის მხარდაჭერა არ აქვს,“– აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე „ფორტუნასთან“.

საექსპერტო წრეებში კი, მმართველ გუნდს ურჩევენ დაფიქრდნენ, რამდენად მომგებიანია მათთვის მათი კვოტით გასული დეპუტატის მხრიდან მსგავს მოსაზრებებზე საუბარი. “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი “ფორტუნასთან” ამბობს, რომ მსგავსი ჩანაფიქრი რეალობად ქცევის შემთხვევაში, უარყოფით გავლენას იქონიებს ბიზნესზე, ინვესტორებზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ კეპულაძე ვარაუდობს, რომ ჟორჟოლიანის მოსაზრებას არა თუ ინიციატივად აქცევენ და მიიღებენ, არამედ მასზე მსჯელობაც არ შედგება.

“მეეჭვება, რომ მას მხარდამჭერი ჰყავდეს, თუნდაც მმართველ პარტიაში. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ საქართველო არ არის იმდენად მდიდარი ქვეყანა, რომ აქ გადასახადების ზრდით მივაღწიოთ ეკონომიკურ ეფექტს. როგორც საუბარი იყო, ჩვენ ამ გადასახადს ვიღებთ ადამიანებისგან, ვისაც აქვს შემოსავალი 2500 ლარი, ანუ ეს იმდენად დიდი შემოსავალია, რომ მილიონერია ადამიანი და 10%-ით მეტად უნდა დავბეგროთ იმასთან შედარებით, ვისაც აქვთ დავუშვათ 2300 ლარი? ეს არის შეცდომა და ვიმედოვნებ, რომ განხილვაც კი არ მოხდება. საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან უარყოფითი ამ ყველაფერზე, ის ძალიან  მგრძნობიერედ იღებს გადასახადების გაზრდაზე ინფორმაციას. რას ვეუბნებით ინვესტორებს ამით? ადგილობრივ ბიზნესს? მათ გადასახადებზე დგას დღეს საქართველო, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ კიდევ 10%-ით გაგეზრდებათ გადასახადები თუ ხელფასს დანიშნავთ 1000 დოლარზე მეტს. ზოგადად, “ქართულმა ოცნებამ” მემგონი ჯობია იფიქროს, რამდენად მომგებიანია მისთვის მისი სიით გასული პარლამენტარები ასეთ გზავნილებს რომ აჟღერებენ,” – აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

მიუხედავად იმისა, რომ გია ჟორჟოლიანის ინიციატივა მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთნაირად დაიწუნა, “ფორტუნა” მაინც დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია სამართლებრივად მსგავს საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.

„ეს სამართლებრივად გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა მავნებლობა და კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილება, რომ მუხლი, რომელიც გადასახადებზე რეფერენდუმს მოითხოვს, მხოლოდ 2028 წლამდე იმუშავებს, დღეს ამას რეფერენდუმის გარეშე ვერ გააკეთებს,“ – აღნიშნავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მსგავსი ინიციატივის დარეგისტრირება პარლამენტში რომ შეუძლებელია, იცის გია ჟორჟოლიანმაც, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობა მთავრობას აქვს.

„ამის დარეგისტირირება არ შეგვიძლია ჩვენ, სააკაშვილმა მიიღო ისეთი კანონები, რომელიც დედამიწის ზურგზე არსად არის. პარლამენტს არ აქვს შესაძლებლობა, იმსჯელოს გადასახადების თაობაზე, ეს შეუძლია გააკეთოს მთავრობამ მხოლოდ და მხოლოდ 3 წლით,“ – აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.

დეპუტატი დასძენს, რომ ბიუჯეტის მიღებამდე დრო ჯერ კიდევ არის და მიიჩნევს, რომ მათ მოსაზრებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. გია ჟორჟოლიანს ამ საკითხში მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მხარდაჭერის იმედიც აქვს.

„ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პრიორიტეტი არის ინდუსტრიალიზაცია, რეგიონების, სოფლის მეურნეობის განვითარება, დასაქმების გაზრდა და ასევე, შემოსავლების თანაბარი განაწილება. ეს არის მისი განცხადება და ეს განცხადება არის პროგრამული, ასე არ არის რომ დღეს თქვა და ხვალ გადათქვამს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვალაპარაკობთ. ასე რომ, მთავრობა დამტკიცდება და ჩვენ ამაზე მსჯელობას დავიწყებთ. თუ არ დაგვიჭერს მხარს, არ დაგვიჭერს. ეს ჩვენი პრინციპებია, ის კი არა, რომ ჩვენ მოვიგონეთ. ამას ეყრდნობა ყველა განვითარებული ქვეყანა დედამიწის ზურგზე. თუ ჩვენ გვინდა ევროპა, გადახედეთ და  ნახეთ, ყველგან უფრო მაღალი გადასახადებია, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, გადანაწილებულია შემოსავლები ბევრად უფრო თანაბრად,“ – აღნიშნავს გია ჟორჟოლიანი.

დეპუტატი ამბობს, რომ მისი მოსაზრება პრემიერმინისტრისა და მთავრობის ეკონომიკურ ხედვას არ ეწინააღმდეგება.

„პრემიერის ინიციატივა მცირე ბიზნესის დაბეგვრის შემცირების შესახებ სწორედაც პროგრესულ პრინციპს გულისხმობს, დაბეგვრის რეჟიმებში. ასე რომ, ჩვენ ეს მოსაზრება გამოვთქვით და ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. თუ მიიღებს მთავრობა ძალიან კარგი, არ მიიღებს – არ მიიღებს,“ – ამბობს დეპუტატი.

გია ჟორჟოლიანის ამ მოსაზრებას უკვე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი, რომლის განცხადებიდან ჩანს, რომ ჟორჟოლიანის ეს წინადადება არა მხოლოდ პარლამენტმა, მთავრობამაც დაიწუნა და მასზე მსჯელობა არ იგეგემება.

ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ხედვა პარლამენტში. ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას, იმისთვის რომ განვითარდეს ეკონომიკა“, – ასე პასუხობს პრემიერი მამუკა ბახტაძე კითხვას, ეთანხმება თუ არა ის უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის ინიციატივას.

თუმცა, როგორც გია ჟორჟოლიანმა “ფორტუნას” განუცხადა, მიუხედავად იმისა, გაიზიარებს თუ არა მის მოსაზრებას მთავრობა, დეპუტატი მას საზოგადოებაში პროპაგანდას გაუწევს და მხარდაჭერის მოპოვების იმედიც აქვს. თუმცა, სოციალურ ქსელში უკვე ჩანს, რომ საზოგადოების მხრიდან დეპუტატის ამ მოსაზრებას უკვე მოჰყვა მკვეთრად უარყოფითი რეაქცია.

 

https://www.facebook.com/mikheil/posts/10217106317191929

https://www.facebook.com/nino.subeliani/posts/10210282378009721

https://www.facebook.com/TayonaKey/posts/10217231916012200

https://www.facebook.com/abashidze86/posts/10210167382579357

https://www.facebook.com/paatasheshelidze/posts/10160623075380716

თაკო ივანიაძე

ქეთი გიგოლაშვილი