9 აგვისტოს 64 წლის ასაკში გარდაუცვალა ჯერალდ გროსვენორი – დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვესტმინსტერის მეექვსე ჰერცოგი. ჟურნალის Forbes შეფასებით, ჰერცოგი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მესამე, ხოლო მსოფლიოში 68-ე ადგილზე იყო 12,2 მლრდ დოლარით.
ქონების მფლობელი მისი გარდაცვალების შემდეგ ჰერცოგის 25 წლის შვილი დარჩა, ჰიუ გროსვენორი. ბიჭი მედიის ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა, მას „ნახევარი ლონდონის მფლობელს“, „დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერს“ და „ყველაზე სასურველ სასიძოს“ უწოდებენ.
ჰიუ გროსვენორი 1991 წლის 29 იანვარს დაიბადა, მას სამი და ჰყავს – ლედი თამარა, ლედი ედვინა და ლედი ვიოლა. ბავშვობაში პატარა ჰიუ ხშირად ხვდებოდა ხოლმე პრინცესა დაიანას, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ნაწილს გროსვენორების ოჯახთან ერთად ეწეოდა.
ჰიუმ განათლება ჩვეულებრივ სკოლაში მიიღო, აქვე თამაშობდა ფეხბურთს და ოცნებობდა, პროფესიონალი ფეხბურთელი გამხდარიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ოქსფორდში, ნიუკასლის უნივერსიტეტში გააგრძელა.
მის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი – ჰიუ გროსვენორის დედა, ნატალია ფილიპსი პოეტ ალექსანდრ პუშკინის პირდაპირი შთამომავალია.