“59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?!” – ამის შესახებ ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი აცხადებს. მისი თქმით, ნებისმიერი სხვა ინსტიტუტი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული 25 მილიონზე ბევრად მეტს იღებს.
მიტროპოლიტი ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესია ქვეყნისთვის უფრო მეტს აკეთებს.
“3 მილიონნახევარი ცხოვრობს საქართველოში და 25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონნახევარზე, 59 თეთრი გამოდის. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? 59 თეთრზე მეტს არ აკეთებს ეკლესია ქვეყნისთვის?! ნებისმიერი ტელევიზია, ნებისმიერი ინტიტუტი 140 მილიონს ღებულობს. გაცილებით მეტს ღებულობენ და რას გვაყვედრით, 59 თეთრს?! ხალხის ფულიო, 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?!”.
მეუფე ანტონი სოციალურ ქსელში “ტყის კოდექსთან” დაკავშირებით ავრცელებს ვრცელ პოსტს და აღნიშნავს, რომ მიწების და ტყის გადაცემა ეკლესიისთვის ქვეყნისთვის ამ მიწების შენარჩუნების გარანტიაა, რადგან ეკლესია მათ მინიმუმ უცხოელებზე არ გაასხვისებს.
“მათთვიის ვინც ვერ გაერკვია დღევანდელი ქადაგების აუდიო ჩანაწერში, მისი ჩაწერის ხარისხის გამო: დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება გავამახვილე იმ ორკესტრირებულ შეტევაზე, რომელიც კარგა ხანია წამოიწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილმა მედიის, ოპოზიციის ,არასამთავრობო ორგანიზაციების ე. წ. ნჯო-ების გარკვეულმა ნაწილმა, წვრილ-წვრილ და პატარ-პატარა ეკლესიის მოძულეებმა ე.წ. აბიჟნიკებმა.
გულნატკენმა აღვნიშნე, რომ ეყოფათ ამდენი ზიზღის თესვა მოსახლეობასა და ახალგაზრდებში. ნეო კომკავშირლებისა და ნეო კომუნისტების იდეებით შეპყრობილების, უგუნურება ყველა საზღვრებს ცდება.ერთხმად რომ გაიძახით, სახელწიფო წინასაარჩევნოდ გვყიდულობს ეკლესიასო, თუ ამ უნიჭო ბრალდებისა გჯერათ, გამოდის და აღიარებთ, რომ ჩვენ – ეკლესიას გარკვეული “წონა” და ზეგავლენა გვქონია , ჰოდა თუ ასეა გეკითხებით , ჩვენთან მეგობრობა გირჩევნიათ თუ მტრობა ! ავღნიშნე რომ გონიერნი რომ იყვეთ იტყოდით, რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე და მიწები, ისინი ხომ ამ ტყეს არ გაასხვისებენ (მინიმუმ უცხოელებზე) და ეს ტყის ფონდი ხომ ქვეყანას შეუნარჩუნდება.
ასეთი ნდობის გამოხატვით ხომ უფრო მეტს დაგვავალებდით. მინდა ვიკითხოთ, რა მნიშვნელობა აქვს ეს ტყე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის, პატიოსან მოქალაქეებსაც მინდა ვკითხო, რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო განკარგავს თუ ეკლესია იმას რაც მათი პირადი საკუთრება არაა…
თუ იტყვით რომ ეკლესია გაყიდისო ამ ქონებას, სახელმწიფო რა, რაიმე გარანტი გაქვთ რომ არ გაყიდის ? უნებლიედ ჩნდება გონივრული ეჭვი, ალბათ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჩვენ მოვიდეთ სათავეში არაფერი დაგვრჩება ხელმოსათბობათო – ასე ვიფიქროთ ?” – წერს მეუფე ანტონი სოციალურ ქსელში.