მთავრობის გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მეზვრიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, მთავრობის რეკომენდაციებს დაემორჩილონ.
„მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მუშაობის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება ამ დროისთვის მხოლოდ თბილისსა და იმერეთთან დაკავშირებით მოქმედებდა, იქამდე კი იგივე გადაწყვეტილება აჭარაში დაწესდა.
გუშინ ამირან გამყრელიძემ სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ხალხმა საღამოს ხანს საქეიფოდ მცხეთაში გადაინაცვლა. შესაბამისად, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო.
„ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადაინაცვლა, ცეცხლს ვეთამაშებით!“ – გამყრელიძე