LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 სექტემბერს, ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

85

„დღე მანქანის გარეშე“ – საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ველომარათონის გამო, 22 სექტემბერს, 10:00-დან 11:00 საათამდე მელიქიშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

შესაბამისად, ბაგებიდან თავისუფლების მოედნისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნულების ადგილამდე საბურთალოს გავლით იმოძრავებს: ავტობუსები და მიკროავტობუსები გაივლიან თამარაშვილის ქუჩას, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებს და გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან. ამის შემდეგ,   ბარათაშვილის ქუჩაზე აუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

ანალოგიურად, დიდი დიღმიდან და საბურთალოდან თავისუფლების მოედნისკენ  საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით.

ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან.   ველოსიპედისტთა ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდება და რბოლას პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულებს.

ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უეთდება, ხოლო თბილისში უკვე მესამედ აღინიშნება. საერთაშორისო დღის მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით მაინც თავი შეიკავონ კერძო ავტომანქანებით სარგებლობისგან, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები